ახალი ამბები

5-7კგ-ის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება – ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი

27 თებერვალი, 2023 • 742
5-7კგ-ის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება – ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი

სახალხო დამცველის ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში, გასული წლის 4 დეკემბრის შემდეგ, საგრძნობლად დამძიმებულია. ექსპერტთა შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში კუნთების განლევის ხარჯზე  5-7 კილოგრამი დაიკლო. იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი წონაში კვლავ ანალოგიურად დაიკლებს, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარტმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა განცხადება.

აპარტის თანახმად, ექსპერტთა ჯგუფმა 19 თებერვალს გასინჯა სააკაშვილი, ასევე კლინიკისგან გამოითხოვა 2022 წლის 4 დეკემბრის შემდეგ, ანუ ექსპრტთა ჯგუფის ბოლო ვიზიტიდან ამ დრომდე პერიოდის სრული სამედიცინო მასალები.

აღნიშნული ვიზიტისა და დოკუმენტების შედეგად კი ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ სააკაშვილთან გამოხატულია მძიმე სარკოპენია. ამასთან, სისუსტის გამო უჭირს გადაადგილება და წამოდგომისას აღენიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილს გონებრივი ფუნქციები დაუქვეითდა.

ომბუდესმენის ექსპერტთა ჯგუფის შთაბეჭდილებით, ექსპრეზიდენტს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მეოთხე სტადია და ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

ამასთან, ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, განცხადებაში მოცემულია  სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგოამრეობის პროგნოზები და რისკები, კერძოდ:

1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.

შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.
ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

2. გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.

ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი, იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს, არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით”, – ნათქვამია დასკვნაში.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი და ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში ინტენსიურად გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის დოკუმენტურ მონიტორინგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი