ახალი ამბები

დეგნანი: საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება

27 თებერვალი, 2023 • 1124
დეგნანი: საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი განმარტავს, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA)“ აშშ-ში მოქმედი კანონის მიზნები აბსოლუტურად განსხვავდება იმ კანონპროექტისგან, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს.

დეგნანის თქმით, საქართველოს არ სჭირდება აღნიშნული კანონი და მისი მიზნები სრულ თანხვედრაშია რუსეთის მოქმედ რეგულაციასთან, რომელმაც ქვეყანაში ჩაახშო სამოქალაქო საზოგადოების ხმა:

„ამ კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება შთაბეჭდილება, რომ პრობლემის ძიებაშია. ყოველდღე ახალ-ახალი მიზეზი ჩნდება მისი საჭიროების შესახებ. თავდაპირველად სახელდებოდა გამჭვირვალობა, როცა საკმარისი გამჭვირვალობაა უცხოური დახმარებების შესახებ. მიზანი ამ კანონპროექტის აბსოლუტურად განსხვავდება აშშ-ში მოქმედი კანონისგან.

ეს კანონპროექტი ეხება იმ ქართველებს, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან, რომლებიც ცდილობენ გადაჭრან პრობლემები საკუთარ თემში, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიზნესასოციაციები, ახალგაზრდები, შშმ პირები, უფლებადამცველები. აშკარაა, რომ ეს კანონპროექტი თანხვედრაშია რუსულ კანონთან და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და გაჩუმებას. თუ შეხედავთ, რა ხდება რუსეთში, რუსული კანონი ძალიან ეფექტურია სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩასახშობად.

საქართველომ ბევრი იშრომა, აეშენებინა დემოკრატია. ეს კანონპროექტი ძირს უთხრის იმ პროგრესს, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აშენებდა. ამიტომ მოისმინეთ შეშფოთება გაეროსგან, ევროკავშირისა და აშშ-ისგან, საქართველოს მეგობრებისგან. ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ შემოგვაქვს კანონი“, — აცხადებს კელი დეგნანი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი