ახალი ამბები

ღარიბაშვილმა უკრაინაში ვიზიტს “მოგზაურობა კიევში” უწოდა

24 თებერვალი, 2023 • 810
ღარიბაშვილმა უკრაინაში ვიზიტს “მოგზაურობა კიევში” უწოდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ომზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო მოქმედებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

მანამდე განცხადებით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა, რომ მისი ქმედებებით მთავრობამ „იზოლაციაში მოიქცია თავი“.

„მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით ჩვენი ქვეყნის სახელით, წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – თქვა ღარიბაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო თავიდან აიცილა „მეორე ფრონტი და პროვოკაციები“.

„ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ.

ყველა უკრაინელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, ცხოვრობს დაცულად. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ მაქსიმუმს“.


დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გააკრიტიკა ხელისუფლება უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის და “იზოლაციაში მოქცევის” გამო. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტი, რომელიც მიუხედავად მოწვევისა, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციით არ წავიდა. კიევში მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები გაემგზავრნენ.

წაიკითხეთ მისი გამოსვლა აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი