ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოიქცია თავი – ზურაბიშვილი უკრაინაში ომზე

24 თებერვალი, 2023 • 1098
საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოიქცია თავი – ზურაბიშვილი უკრაინაში ომზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ომის წლისთავისთვის მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ მთავრობამ უკრაინის მიმართ თავისი პოზიციის გამო იზოლაციაში მოიქცია თავი.

ვრცელ განცხადებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ამ ომში უკვე დამარცხებულია, რადგან – „ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა. პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება. არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსი“.

იგი ამატებს, რომ შეიძლება ითქვას, ამ ომმა ახალი და თავდაჯერებული, ძლიერი ევროპა წარმოშვა – „რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა,“.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, იგი დასძენს:

„ამ მოცემულობაში არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი“.

ის აცხადებს, რომ თბილისი დღეს საღამოსაც გაახსენებს საერთაშორისო თანასაზოგადოებას, რომ საქართველოს არ დავიწყებია მთავარი – საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება.


დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი