თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა, შეაფასა საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელიც თავად გაავრცელა.

უფლებადამცველის განცხადებით, გავრცელებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ დაპირისპირების ინიციატორი მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ყოფილა.

ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ეს კადრები საქმის მასალებში პროკურატურამ ჩადო, თუმცა ის საჯაროდ არ გაუვრცელებია.

სვიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურამ ინციდენტის მხოლოდ ბოლო ეპიზოდი გაასაჯაროვა, სადაც ჩანს უკან მობრუნებული თამაზ ელიზბარაშვილი. ადვოკატის თქმით, ეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის გაკეთდა, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს ელიზბარაშვილი აგრესიულად მოქმედებდა და ვინმეს დასასჯელად ან დასამუქრებლად დაბრუნდა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ საპირფარეშოში კონფლიქტი ერთ-ერთი დაზარალებულის, შალვა კუჭაშვილისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან დაიწყო. მისივე თქმით, კუჭაშვილმა ელიზბარაშვილს აგრესიულად მიმართა და დაემუქრა, რომ თუ ბოდიშს არ მოიხდიდა, სხვა დროსა და ადგილას მოსთხოვდა პასუხს.

„თამაზ ელიზბარაშვილი ხშირად გადაადგილდება ქალაქში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად. მას არ სურდა, ეს კონფლიქტი აქტიურ ფაზაში დარჩენილიყო და მომავალში ბავშვების თანდასწრებით რაიმე დაპირისპირება მომხდარიყო. სწორედ ამიტომ დაბრუნდა უკან – რათა კონფლიქტი ამოწურულიყო“, – აცხადებს ლექსო სვიმონიშვილი.

ადვოკატი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ვიდეომასალის იმ დეტალებზე, სადაც ჩანს, რომ შალვა კუჭაშვილს, რომელიც საპირფარეშოში მყოფი ელიზბარაშვილისკენ იწევს, საკუთარი მეგობრები აკავებენ და ტერიტორიიდან გამოჰყავთ. სვიმონიშვილის შეფასებით, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ კუჭაშვილი იყო აგრესიული მხარე, რომლის განეიტრალებასაც მისივე თანმხლები პირები ცდილობდნენ.

“თუ თამაზ ელიზბარაშვილი იქნებოდა აგრესიული, [კუჭაშვილს] კი არ გაარიდებდნენ ეს ადამიანები, არამედ – თამაზ ელიზბარაშვილს. მისივე მეგობრების შეფასებით, [კუჭაშვილი] იყო გასარიდებელი, რადგან ის იყო აგრესიული”.

გარდა ამისა, დაცვის მხარე ეხმიანება შალვა კუჭაშვილის მიერ მანამდე გაკეთებულ საჯარო კომენტარებსა და ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მან ელიზბარაშვილს მხოლოდ ორჯერ მიმართა (ერთხელ კითხვით და მეორედ სქრინშოტის საჩვენებლად). ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, გავრცელებული კადრები ამ ვერსიას ეწინააღმდეგება:

„სამწუხაროდ, კამერები ხმას არ იწერს, თუმცა ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ შალვა კუჭაშვილი თამაზ ელიზბარაშვილთან ოთხჯერ ბრუნდება და ხელში არანაირი სქრინშოტი არ უჭირავს; იგი მის მიმართ აგრესიულად მიდის, რასაც მისივე მეგობრები ამჩნევენ და ცდილობენ მისი ტერიტორიიდან განრიდებას“, – განმარტა ადვოკატმა.