ახალი ამბები

რიკოთის “გარკვეულ მონაკვეთებზე” მოძრაობა შეფერხებულია — რა ხდება ადგილზე

23 თებერვალი, 2023 •
რიკოთის “გარკვეულ მონაკვეთებზე” მოძრაობა შეფერხებულია — რა ხდება ადგილზე

23 თებერვალს რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხდა. ერთ-ერთი მიზეზია ორი სატვირთო მანქანის შეჯახება, რომლებიც, შსს-ს ცნობით, გზიდან უკვე გადაიყვანეს, თუმცა მოძრაობის მოსაწესრიგებლად გარკვეული დროა საჭირო. შეჯახებისას არავინ დაშავებულა.

“4 საათია, უძრავად ვდგავართ რიკოთთან”, — დაწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ “ფეისბუკზე”, 22:30 საათისთვის.

ავტოსაგზაო შემთხვევის გარდა, პრობლემაა დიდთოვლობაც: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის “გარკვეულ მონაკვეთებზე” შეფერხებულია.

“გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით”, — დასძენს აეროპორტის ადმინისტრაცია.

განცხადების თანახმად, გააფრთხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს:

“ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი – 06:00. გვსურს განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დროს საზღვრავს და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან – საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air, რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც, სადაც გვითხრეს, რომ რიკოთზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ადამიანური რესურსი, რათა გზა თოვლისაგან გაიწმინდოს.

“როგორც შეუძლიათ, მთელი დღეა და უკვე ნახევარი ღამეა, წმენდენ [გზას], რათა გამოსწორდეს სიტუაცია”, — გვითხრეს დეპარტამენტში.

ამავე თემაზე:

რიკოთზე სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთი ჩაიკეტა, ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს მიმართავს

გარეკანის ფოტო: Facebook/Elene Asatiani

მასალების გადაბეჭდვის წესი