საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მიმართავს ათენისა და ბერლინის რეისების მგზავრებს.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამის გამო ბერლინის და ათენის რეისის მგზავრებმა შესაძლოა ვერ მოასწრონ აეროპორტში რეგისტრაციაზე დროულად გამოცხადება.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანია Wizz Air-თან მიაღწია შეთანხმებას. გამონაკლისის სახით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვინც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს, გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით, სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.
ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდთან ერთად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მგზავრთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული და აღნიშნული მდგომარეობიდან გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი”, — ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეები “ფეისბუკზე” გამოქვეყნებული ამ განცხადების კომენტარების ველში წერენ, რომ 23 თებერვლის საღამოს საათებიდან დგანან საავტომობილო საცობში.
მანამდე გავრცელებულ განცხადებაში ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილის ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებული იყო, რის გამოც გააფრთხილეს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, დაგეგმილზე ადრე გასულიყვნენ თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ.
23 თებერვალს, 23:00 საათისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტში “ნეტგაზეთს” ეუბნებოდნენ, რომ რიკოთზე მობილიზებული იყო როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ადამიანური რესურსი, რათა გზა თოვლისაგან გაწმენდილიყო.
ამასთან, უღელტეხილზე მოძრაობის შეფერხების მიზეზად სახელდებოდა რიკოთზე მომხდარი ავარიაც, რომლის დროსაც ორი სატვირთო შეეჯახა ერთმანეთს. შსს ამბობდა, რომ მანქანები გზიდან გადაიყვანეს, თუმცა მოძრაობის მოსაწესრიგებლად გარკვეული დრო იყო საჭირო.
გარეკანის ფოტო: Facebook/ვახტანგ ჯინჭარაძე








