ახალი ამბები

კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმჭვირვალეს უწოდებს, თუმცა ასახელებს მათ დონორებს

23 თებერვალი, 2023 •
კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმჭვირვალეს უწოდებს, თუმცა ასახელებს მათ დონორებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის წარდგენილ კანონპროექტი “უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ ემსახურება სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობას, თუმცა ამავე დროს ასახელებს სხვადასხვა ორგანიზაციის დონორებსა და აქტივობებს. 

ამ კანონპროექტზე კობახიძემ ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა. 

“გამჭვირვალობის ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, თქვენი ოპონენტები არ იზიარებენ ამ არგუმენტს და ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორი საკმაოდ გამჭვირვალედ მუშაობს და ეს პრობლემა არ დგას”, – უთხრა “იმედის” წამყვანმა კობახიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა მყისიერად უპასუხა, რომ “ტყუილია”. 

ამის შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერმა ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა ორგანიზაციის ამერიკულ და ევროპულ დონორ ორგანიზაციებზე და კონკრეტულ პროექტებზე, თუმცა “იმედის” ჟურნალისტებს მისთვის არ უკითხავთ, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, თუ სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება გაუმჭვირვალეა. 

23 თებერვალს მან  მეორედ ისაუბრა ნამოხვან ჰესის პროექტზე და განაცხადა, რომ მისი ჩაშლის  სურვილი შეიძლება ჰქონოდა იმპორტიორებს ან რუსეთს, თუმცა არ უსაუბრია ჰესის საწინააღმდეგო პროტესტის რუსულ დაფინანსებაზე. 

“შეიძლება ყოფილიყო იმპორტიორების ინტერესი, შეიძლება ყოფილიყო რუსეთის მხარის ინტერესი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, რუსეთს ურჩევნია, რომ ელექტროენერგია გაყიდოს საქართველოში, ნაცვლად იმისა, რომ ვაწარმოოთ. ერთი, რომ ამით მოგებას ნახულობს და ჩვენ ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე და ენერგოდამოკიდებულების ხარისხი რჩება მაღალი. 

თუმცა სხვა სუბიექტებიც იყვნენ. იყო მეორე მხარე. იყო კონკრეტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროებიდან, დღეს ვახსენე რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია, ვახსენე, მაგალითად, EED, არის ასევე NED ამერიკაში, რომლებიც აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ შემთხვევაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ ამ ტიპის წყაროებიდან და რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში”. 

“ქართული ოცნება”, რომლის თავმჯდომარეცაა ირაკლი კობახიძე, მხარს უჭერს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელსაც 250 ზე მეტმა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციამ “რუსული კანონი” უწოდა. 

კანონპროექტი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი