საზოგადოება

სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს – კობახიძე “ხალხის ძალის” ინიციატივებზე

22 თებერვალი, 2023 • 1628
სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს – კობახიძე “ხალხის ძალის” ინიციატივებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირი ერთი ხელით მოუწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი პოლარიზაციას აფინანსებს საქართველოში.

„არის გარკვეული საკითხები, რაზეც შეიძლება ჩვენს პარტნიორებს არ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია. მაგალითად, იგივე ევროკავშირი ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ და მეორე ხელით აფინანსებს პოლარიზაციას. როდესაც ეს ამოვარდება და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, შესაბამის სტრუქტურებს ექნებათ სათანადო ინფორმაცია, რომელიც მათ უბიძგებს, პოლარიზაცია აღარ დააფინანსონ“, — განაცხადა კობახიძემ.

მან მაგალითად დაასახელა „სირცხვილია“, რომელსაც ენმ-ის ექსტრემისტული ახალგაზრდული ფრთა უწოდა და თქვა, რომ  ის, ერთი მხრივ,, დავით კეზერაშვილისგან, მეორე მხრივ კი, „ევროკავშირის წყაროდან იღებს დაფინანსებას“.

„ერთ მზარეს არის „სირცხვილია“, მეორე მხარეს არის „ალტ-ინფო“, მესამე მხარეს — პრიმაკოვის ფონდი… არცერთი ამ ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიზღუდება, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და ყველაფერი იყოს გამჭვირვალე“, — განაცხადა კობახიძემ.

უცხოური ინტერვენციის კიდევ ერთ მაგალითად მან დაასახელა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტივობა, თუმცა არ თქვა, ვინ იდგა ამის უკან.

„აქ შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება იყოს სხვა წყაროები, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის დაბლოკვაში, რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უსაფრთხოებას. არ გავუსწრებ წინ მოვლენებს, რუსულიც იყო და არარუსულიც იყო [წყაროები]. როდესაც დაიდება რეესტრი, ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით ექნება საზოგადოებას ინფორმაცია“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ირწმუნება, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიზანი გამჭვირვალობაა და ტერმინ „აგენტში“ პრობლემას ვერ ხედავს.

„ტერმინ „აგენტს“ აქვს ორმაგი გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაშიც სიტყვა აგენტი გამოიყენება ჯაშუშის მნიშვნელობით, მაგრამ არა კანონმდებლობაში. მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007. ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან აგენტს და ჯაშუშს. ჯაშუშის საქმიანობა არის დასჯადი. აგენტის არ არის არც დასჯადი და არც უკეთური საქმიანობა. მე მომწონს პირადად ეს ტერმინი, ყველაზე მეტად ასახავს იმ დანიშნულებას, რაც აქვს უცხოური გავლენის რეალიზებას“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თავად მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მიუხედავად ამისა, თავს „ყოფილ აგენტად“ არ მიიჩნევს და ამბობ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტია რ ითვალისწინებს ინდივიდების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას და მხოლოდ ორგანიზაციებს ეხება.

„განსხვავებით ამერიკული კანონისგან, სადაც ადამიანებს ეწოდება უცხოელი აგენტები, რაც არის ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა და სრული კატასტროფა… რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის USAID-ში, გაეროს განვითარების პროგრამაში და ამ ორგანიზაციების მიერ ხორციელდებოდა კონკრეტულ სფეროებში ინტერვენცია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ინტერვენცია მაშინ ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს. მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებდა პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში და რეგიონული განვითარების სფეროში. მე ვიყავი ამ პროექტების მენეჯერი და გვქონდა აბსოლუტურად კეთილშობილური მიზნები — საქართველოში განხორციელებულიყო დეცენტრალიზაციის რეფორმა და განვითარებულიყო რეგიონები. მე დღემდე მაქვს რწმენა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობა ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს“, — განაცხადა კობახიძემ.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენენ, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონმდებლობის [FARA] ზუსტი ასლი იქნება. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მხარს არ დაუჭერს ალტერნატიულ კანონპროექტს. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა FARA, თუმცა თქვა, რომ ორივე კანონპროექტი იქნება განხილული.

„როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკული კანონი არის უმძიმესი. თუმცა არ ვიცი, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით. თემა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. აქედან გამომდინარე ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომელ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ამერიკული კანონი არის უმძიმესი ადამიანის უფლებების სტანდარტის თვალსაზრისით და მისი მიღება სწორი არ ჰგონია.

კობახიძე ამბობს, რომ არარელევანტურია საუბარი იმის შესახებ, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებამ შეიძლება შეაფერხოს ევროინტეგრაცია მაშინ, როდესაც აშშ-ში მოქმედებს ასეთი კანონი, ევროკავშირში კი ახლა იწყებენ ინიციირებას.

„ევროპაშიც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის EPP-ის წარმომადგენელი გამოვიდა და დაიწყეს ამ საკითხის ინიციირება. შესაბამისად, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს წინააღმდეგობა ევროინტეგრაციასთან ან სხვა მსგავს საკითხებთან? არარელევანტურია იმაზე მსჯელობა, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ინტეგრაცია“, — განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი