ახალი ამბები

„ანტიკონსტიტუციური და ანტიდასავლური“ — რუხაძის შეფასება გვიმრაძის ეთერზე

22 თებერვალი, 2023 •
„ანტიკონსტიტუციური და ანტიდასავლური“ — რუხაძის შეფასება გვიმრაძის ეთერზე

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ტელეწამყვანი და ერთ-ერთი მენეჯერი გიორგი გვიმრაძე თავისი გადაცემით “ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ” გზავნილებს ავრცელებს.

რუხაძის შეფასება “პირველი არხზე”, 21 თებერვალს, გასულ გადაცემას, სადაც “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიწვიეს. სხვა საკითხებთან ერთად, წამყვანმა კითხვები სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაზეც დასვა და იკითხა, რატომ მიდის საქართველო ისეთი ორგანიზაციისკენ, “რომელიც სუვერენულ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, გამორიცხავს”.

“სად მივდივართ, ეს მითხარით მაშინ”

გადაცემა “თავისუფალი ხედვის” წამყვანი, რომლის ეთერშიც მდინარაძემ ისაუბრა, გიორგი გვიმრაძეა. ის წლებია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოზიციას იკავებს.

გადაცემის დასაწყისში მმართველი გუნდის ლიდერმა კვლავ ისაუბრა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე, შემდეგ კი განიხილეს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტარების დიდმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.

“იქ ყველაზე საგულისხმოა რაოდენობა ადამიანებისა, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს — 577 ადამიანი. ყველაზე საინტერესო იყო მაინც ის, რომ არამხოლოდ “ევროპის სახალხო პარტიის”, არამედ “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” წევრებმაც დაუჭირეს მხარი. აბსოლუტურად ყველამ, არც ერთს [რეზოლუციის] წინააღმდეგ არ მიუცია ხმა. ამ პარტიას იმიტომ ვახსენებ, რომ ეს ის პარტიაა, რომლის წევრებიც თქვენ [“ქართული ოცნება”] ხართ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მათ არ იციან, რა ჯგუფია მათ პარტიაში, რა პარტიაა მათ ჯგუფში?” — იკითხა გვიმრაძემ, რის საპასუხოდაც მდინარაძემ კვლავ განავრცო ომში ჩათრევის საკითხი.

“თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიძლიერის, მასშტაბისა და ხარისხის შემოტევების მოგერიება გვიწევს იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ იმ ომში არ შეყოს თავი, რაზეც წეღან ვსაუბრობდით. ამდენი ევროპარლამენტარი ხელს აწერს ტყუილზე… იქ არის მოცემულობა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე რეზოლუცია მიიღეს. აწამებენ მიხეილ სააკაშვილს? თუ ეს სიმართლეა, ჩვეულებრივი ამბავია, იმ ხალხმა მოაწერა სიმართლეს ხელი.

მაგრამ თუ ეს ტყუილია და რადგან ეს ტყუილია, ფაქტი ეს არის, რომ ამ ხალხმა მოაწერა ხელი ტყუილზე. ანუ ჩვენ გვაქვს იმ მასშტაბის კოორდინაციასთან და შემოტევასთან და იმ მასშტაბის ძალასთან შეხება — რაღაც ძალასთან, არ დავაკონკრეტებ — რომელსაც შეუძლია, ამდენი ევროპარლამენტარი დარაზმოს და ტყუილზე მოაწერინოს ხელი: დაავალოს, რომ თქვენ ამაზე მოაწერთ ხელს”, — თქვა “ოცნების” ლიდერმა.

აღნიშნულზე წამყვანმა უპასუხა, რომ “თუ ასეთი მასშტაბის შემოტევასთან გვაქვს საქმე, თუ ეს ყველაფერი ორგანიზებულია ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ… შეიძლება პარტიის წინააღმდეგაც იყოს მიმართული, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ეს რეზოლუცია არაფრად აგდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ ელოდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, აქ არ არის მხოლოდ პარტიის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება”.

“მიქსია, გიორგი. ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” და ხელისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ, ერთი და იგივე რატომ არის, იცით?.. შენ რაღაცას არ აკეთებ, რაც მე მჭირდება. და ამ რაღაცას რომ არ აკეთებ, მე იმდენად უნდა დაგაზიანო, იქნებ შეგცვალო და სხვა გააკეთე. ომის ხალხი არ არიან ესენიო, გვითხრეს აგერ უკრაინიდან”, — მიეგო მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 

წამყვანის მომდევნო კითხვა კი ასე იყო ფორმულირებული:

“მე იმის კითხვა მინდა, რომ ეგეთია ის ორგანიზაცია. 630 დეპუტატიდან 577-მა ასე გვითხრა. ამასთან ერთად, მთელი “ქართული ოცნება” იმას ამბობს, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ, როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მოგყვებით ლოგიკაში და კითხვას ვსვამ: რა გვინდა იმ ორგანიზაციაში, რომელიც დღეს ასე გვექცევა და ხვალ ასევე საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, თუნდაც წევრები ვიყოთ, გვეტყვიან, რომ ეგრე კი რა, ასე უნდა ქნათ, როგორც უნგრეთისა და პოლონეთის შემთხვევები გვაქვს.

შესაძლოა, პოლონეთში მართლაც იყოს რაღაც პრობლემები სასამართლოსთან მიმართებაში და უნგრეთშიც რაღაც პრობლემებზე იყოს ლაპარაკი ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სუვერენულ გადაწყვეტილებებს როგორც წესი გამორიცხავს ქვეყნებიდან ან სერიოზულად აფერხებს ამ ქვეყნებისთვის რაღაც პროცესებს. მაგალითად, უნგრეთს როგორ შეაცვლევინეს ის კანონი, რომელზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ? არ მისცეს ფული, რომელსაც ის ელოდებოდა და დამთავრდა, მოუწიათ შეცვლა.

სად მივდივართ, ეს მითხარით მაშინ. აქ მინდა, ხაზი გავუსვა და განსხვავება გავაკეთო ასეთი: ერთი არის ინსტიტუციური ერთობა რაღაც ჯგუფში, რომელიც რაღაც წესებით თამაშს გულისხმობს და მეორეა, შენი სახელმწიფო იყოს, მაგალითად, ევროპული მოწყობის, რაც საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ რაღაც ინსტიტუციაში იყო”.

აღნიშნულის საპასუხოდ მდინარაძემ თქვა, რომ როცა თავისი შვილი ევროპაზე ჰკითხავს, ღირებულებებზე დაუწყებს საუბარს და არა იმაზე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კარგი კაცია თუ ცუდი.

“ხალხი მიდის და მოდის. ევროპარლამენტარიც იცვლება, გადაფასება მიდის ყველაფრის, მათ შორის, დღესაც”, — დასძინა მან.

მდინარაძემ ისაუბრა ევროკავშირის წევრობის სტატუსზეც. მისი სიტყვებით, მაშინ, როცა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდნენ, უკრაინას, როგორც ომში მყოფ ქვეყანას, “ნიშანი წაუმატეს”, რაც გასაგებია:

“მე ისიც კი არ მიმაჩნია, რომ კრიტერიუმები, სადაც ჩვენ პირველები ვიყავით ძირითად და ფუნდამენტურ საკითხებში, ობიექტურად იყო, იმიტომ, რომ იქ ალბათ არ ივარგებდა მათი გადასახედიდან, რომ გამოჩენილიყო, რომ არათუ ჩვენ წინ ვართ, [არამედ] აი, ძალიან წინ ვართ. გარკვეული ავანსი უკრაინისთვის გასაგებია აბსოლუტურად, ხელები ამიწევია”.

მისივე თქმით, საქართველოს ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა “ვაიმე, თქვენი ჭირიმე, ამას თუ არ მოგვცემთ, ჩამოიქცევა ჩვენი ქვეყანაო, ამას არ ვამბობთ”.

“და როცა პარტიის გენერალურმა მდივანმა და ქალაქის მერმა [კახა კალაძემ] თქვა, თუ არც მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონო, ამაზე ატეხეს ამბავი, აი, რუსეთისკენ [გადაიხარაო].

რუსეთისკენ კი არა, თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ფუნდამენტურ რეფორმებში წინ ვართ და მაინც არ მაძლევ, ძალიან დიდი ბოდიში, ნუ მჩაგრავ. და მე ჩაგრულის პოზიციიდან ხელებაპყრობილი ვერ მოგექცევი, როგორც ღმერთს და ისეთი დამოკიდებულება ვერ მექნება, როგორც წმინდანის მიმართ”, — დაამატა მან.

“ანტიდასავლური პროპაგანდის მაგალითი” — რუხაძის შეფასება

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ გადაცემის შეფასებისას თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი “ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ” გზავნილებს ავრცელებს.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელშიც ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბიდან ვიხდით უზარმაზარ ფულს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს ინტერესებს ემსახურებოდეს, ემსახურება რუსული ხელისუფლების ინტერესებს და საზოგადოებას აძლევს გზავნილებს, რომლებიც, ჯერ ერთი, ანტიკონსტიტუციურია და მეორეც — ანტიდასავლური პროპაგანდის ძალიან კარგი მაგალითი.

თვითონ წამყვანი და ჟურნალისტი უხსნის საზოგადოებას, რატომ არის ცუდი ევროკავშირი და ხელისუფლების ერთ-ერთ პირველ პირს ეკითხება, საერთოდ რა გვინდა ამ ტიპის გაერთიანებაშიო”, — დასძენს ის.

რუხაძის სიტყვებით, დაახლოებით 5 წლის წინ, როცა ევროპაში ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური, “კრემლისგან დაფინანსებული” ძალები გააქტიურდნენ, მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ “ევროკავშირი იმდენად ცუდია, სუვერენიტეტს, თავისუფლებას, უფლებებს უზღუდავს წევრ სახელმწიფოებს და ის ამის გამო უნდა დაიშალოსო”.

რუხაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების გზით დაკომპლექტებული ევროპარლამენტი, რომელზეც გადაცემაში ისაუბრეს, “აგზავნის სიგნალებს, რაც არის ევროკავშირის მოსახლეობის ნება”.

“შესაბამისად, თუ ევროკავშირის პარლამენტი ხედავს, რომ რომელიმე სახელმწიფოში ირღვევა ადამიანის უფლება, კორუფციის ელემენტებია ან სასამართლო არ ფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს, ეს არის ამ შემთხვევაში ხალხის გზავნილი: იგივე უნგრელი, პოლონელი თუ სხვა ხალხის გზავნილი, რომელიც მიდის ევროპარლამენტის გავლით”, — აღნიშნავს ის.

გიორგი რუხაძე 

რუხაძის სიტყვებით, ესა თუ ის სახელმწიფო ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთების დროს ინფორმირებულია, “რა ტიპის სუვერენული უფლებების დათმობა მოუწევს, არ მოუწევს ან ცალკე მოლაპარაკებებს დაექვემდებარება”:

“რა თქმა უნდა, რაღაც თვალსაზრისით [ევროკავშირი] ზღუდავს [წევრ სახელმწიფოთა სუვერენულ უფლებებს] და ამიტომაც არის “ევროკავშირი”, ამიტომაც არის შეკავშირებული ეს 27 ქვეყანა. ისინი უარს ამბობენ საზღვრების კონტროლზე, ვალუტაზე, რაღაც თვალსაზრისით ფისკალურ კონტროლზე, ეროვნულ კანონებზე მაღლა რაღაც კონტექსტში აყენებენ ევროპულ კანონმდებლობას.

შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი სუვერენიტეტის შეზღუდვა, მაგრამ ეს არის ნებაყოფლობითი აქტი. თუ გინდა, ევროკავშირის სიკეთეებით ისარგებლო, მაღალი ეკონომიკური ზრდა გქონდეს, შენმა მოსახლეობამ ევროკავშირის მასშტაბით უფასო განათლებით ისარგებლოს, მაშინ ამას შენი ნებით აკეთებ: სუვერენიტეტის რაღაც კომპონენტებს თმობ იმისთვის, რომ ევროკავშირში კეთილდღეობისა და დემოკრატიის დონემ ჯამურად აიწიოს”.

მისივე სიტყვებით, არსებობს მაგალითები, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები  რიგ საკითხებთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავიდნენ და დღემდე ინარჩუნებენ მათ.

“მაგალითად, ირლანდიის შემთხვევა, რომელმაც უარი თქვა შენგენის ზონაში შესვლაზე და საკუთარ საზღვრებზე კონტროლი დაიტოვა ან გაერთიანებული სამეფო, რომელმაც დაიტოვა როგორც თავისი ვალუტა, ისე საკუთარი საზღვრების კონტროლი.

ანუ, ის რასაც შენ თმობ, ამას თმობ ნებაყოფლობით, ხოლო თუ არ თმობ რაღაცას და გგონია, რომ გჭირდება, მაშინ ამას სჭირდება მოლაპარაკება და არის უამრავი მაგალითი, როცა ქვეყნები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახერხებენ რაღაცების ან შენარჩუნებას, ან დათმობას”, — ამბობს გიორგი რუხაძე.

უნგრეთის მაგალითი

უნგრეთს, რომელიც გადაცემის წამყვანმა ახსენა, 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz.

უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.

კანონის უზენაესობასთან, სასამართლო სისტემასთან თუ კორუფციასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო, უნგრეთს ევროკავშირთან ფინანსური პრობლემები აქვს. რიგი თანხების მიწოდებამდე, ევროგაერთიანება ქვეყნისგან შესაბამისი რეფორმების გატარებას ითხოვს.

ვიქტორ ორბანი 

უნგრეთმა 2017 წელს მიიღო კანონი, სახელწოდებით „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”. აღნიშნულს წინ უძღოდა ორბანის მთავრობის რამდენიმეწლიანი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ წინააღმდეგ და მათი უცხოურ აგენტობაში დადანაშაულება. კრიტიკოსების საპასუხოდ, რომ ეს რუსეთის ანალოგიური კანონი იყო, უნგრეთი ირწმუნებოდა, რომ კანონმდებლობა არა რუსეთის, არამედ ამერიკული FARA-დან გადმოიღო.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უნგრეთის კანონმდებლობა ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და ევროკომისიის აღსრულების მექანიზმის ამოქმედების გამო, უნგრეთს მისი გაუქმება მოუწია. მოგვიანებით მიიღეს კანონი, რომელიც უცხოური აგენტების რეესტრის შექმნას არა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას ითვალისწინებს.

მიმდინარე დღეებში, როცა საქართველოს პარლამენტში შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას უქადის უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ მედიას, კრიტიკოსები არაერთგზის ახსენებენ უნგრეთის მაგალითს.

კონსპირაცია ომში ჩართვაზე

“ქართული ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

ყველას ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია, რომელშიც ვაანალიზებთ, ნამდვილად შედის თუ არა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა იმ დასავლეთის ინტერესებში, რომელსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავი ფინანსური, ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური დახმარება გაუწევია თბილისისთვის, თუ საქმე გვაქვს “ოცნების” მხრიდან კრიტიკოსების დისკრედიტაციის მცდელობასთან, კონსპირაციის თეორიის მოშველიებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი