ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი არის შეტევა სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიაზე, რადგან საქართველოში ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ფუნქციონირებს.
ამის შესახებ ქურდოვანიძემ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.
მისი განმარტებით, “ხალხის ძალის” განცხადებები, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონის [FARA] ანალოგია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იქ ძირითადი ინდიკატორი არა დაფინანსება, არამედ პოლიტიკური, ლობისტური ინტერესების გატარების ხარისხი და არ არის მიმართული იმ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურებიან.
“ეს ნამდვილად არ არის ის, რაც აშშ-ში მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ასეა წარმოჩენილი. თუნდაც შედეგების თვალსაზრისით რომ გავზომოთ, რა შედეგები მოუტანა აშშ-ში არასამთავრობო სექტორის საქმიანობას, ესეც ძალიან ცხადად აჩვენებს, რომ ეს კანონპროექტი რუსეთში მოქმედ კანონმდებლობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე აშშ-თან.
რუსეთში ის შეეხო როგორც არასამთავრობოებს, ასევე მედიას და ინდივიდუალურად აქტივისტებს”, – განმარტავს ქურდოვანიძე.
მისი თქმით, მსგავსი კანონმდებლობა არ მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში. მათ შორის 2021 წელს გაუქმდა უნგრეთშიც, სადაც კანონი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ 2017 წელს მიიღეს.
ქურდოვანიძის განცხადებით, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ კანონი “გავლენის აგენტების” შესახებ არ არის საერთაშორისო სტანდარტი და პირიქით, ეს არის ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილი რეგულაცია, რომელიც დააზარალებს მთლიან საზოგადოებას.
“აქ არ არის საუბარი, რომ ეს კანონი შეაფერხებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, არამედ, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროპული ოჯახის წევრად გახდომა, კანდიდატის სტატუსის მიღება და ა.შ.
ასეთი ინიციატივები ამ პროცესს აზარალებს და კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი უკვე საზიანოა ქვეყნისთვის”, – განმარტავს საია-ს ხელმძღვანელი.
ქურდოვანიძე ასევე განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს ორგანიზაციების “უცხოური გავლენის აგენტებად” მოხსენიებას და აცხადებს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების რეპუტაციის დაზიანებისკენაა მიმართული.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ეს ტერმინი თითქოს უწყინარია და უარყოფით შინაარსს არ ატარებს, არ შეესაბამება სინამდვილეს და პირიქით, სიტყვა “აგენტის” გამოყენება მიზანმიმართულად ხდება, რათა საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციებს საზოგადოების თვალში ნდობა დაუკარგონ.
“ეს არის ყველაზე მთავარი გათვლა”, – აცხადებს ქურდოვანიძე.
მისი განმარტებით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც რუსეთის მიმართ. ქურდოვანიძის თქმით, გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო ცალსახად განმარტავს, რომ ტერმინს დამაზიანებელი შედეგი აქვს, რის გამოც მოსარჩელე ორგანიზაციების უფლებები ირღვევა.
“ამიტომ, ამ ტერმინის შერჩევა არის მიზანმიმართული. გამჭვირვალობა და ა.შ. არის მოგონილი არგუმენტები. სინამდვილეში ეს არის ტერმინის დამკვიდრება და საზოგადოების თვალში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა”, – ამბობს ის.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ხმები რუსეთში ფაქტობრივად აღარ ისმის, რაც სწორედ ამ კანონმდებლობამ გამოიწვია.
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.
კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.