ახალი ამბები

“ნელ-ნელა იშლება შენობა” — ენათმეცნიერების ინსტიტუტის გასაჭირი

17 თებერვალი, 2023 • 1497
“ნელ-ნელა იშლება შენობა” — ენათმეცნიერების ინსტიტუტის გასაჭირი

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ინგრევა. ბოლო შემთხვევა, რომლის დროსაც ერთ-ერთ კაბინეტში ჭერი ჩამოინგრა, 14 თებერვალს მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ჯერჯერობით საშველი არ ჩანს”

დირექტორის, ნანა მაჭავარიანის თანახმად, ბოლო 30 წელია, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ალტერნატიულ შენობას ითხოვს.

მისი თქმით, არსებობს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმადაც “შენობა ავარიულია და იქ გაჩერება არ შეიძლება”.

“სხვადასხვა ინსტიტუციას ვწერთ წერილებს. მშვენივრად გვიღებენ, მშვენივრად გვისტუმრებენ, გვპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით საშველი არ ჩანს. ასე ნელ-ნელა იშლება ეს შენობა.

ერთადერთი, გვეუბნებიან, აღარ შეხვიდეთ მაგ შენობაშიო”, — დასძენს მაჭავარიანი “ნეტგაზეთთან” სატელეფონო ინტერვიუში.

თუმცა შენობის სრულად დატოვებას გამორიცხავს, დასძენს რა, რომ “ესაა ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც ქართულ ენას მეცნიერულად შეისწავლის”.

“ის, რომ ჩვენ აქ აღარ შემოვიდეთ, სრულად გამორიცხულია. წელიწადში 25 მონოგრაფიას გამოვცემთ. დაახლოებით 8 სიმპოზიუმს, კონგრესს, კონფერენციას, სესიას ვატარებთ. აქედან, სულ მცირე, 4 — საერთაშორისოა.

ჩვენთან უცხოელებიც ჩამოდიან… გაოგნებულები არიან, რომ ასეთ შენობაშია განთავსებული ინსტიტუტი, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს”, — აღნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.

რამდენიმე დღის წინ, 14 თებერვალს, ჭერის ნაწილი პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის კაბინეტში ჩამოინგრა. ოთახში იმ დროს არავინ იმყოფებოდა.

“სიცოცხლის რისკის ფასად”

მაჭავარიანი გვიყვება, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტი 1941 წელს განათავსეს შენობაში, რომელიც 1914 წლით თარიღდება. გარკვეული პერიოდით თანამშრომლები სხვა ნაგებობაში გადაიყვანეს, 1990-იან წლებში კი იმავე შენობაში დააბრუნეს.

დირექტორის ინფორმაციით, შენობის ერთ-ერთ ფლიგელში მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. სწორედ იქაა ოთახი, სადაც მიმდინარე კვირაში ჭერი ჩამოინგრა.

ის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე ჯერაც მუშაობენ, მეორე ფლიგელში, “საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად” იკრიბებიან.

“აქაც [მეორე ფლიგელშიც] სასწაული ბზარებია, მაგრამ მეტი გზა არ გვაქვს”, — დასძენს ის.

ნანა მაჭავარიანის თანახმად, ენათმეცნიერების ინსტიტუტს 106 თანამშრომელი ჰყავს. ამჟამად, სამსახურში რეგულარულად დადის მხოლოდ 20 ადამიანი:

“ყველანი საკუთარ თავზე ვართ პასუხისმგებელი… ვერ მოსთხოვ ადამიანს [ამ შენობაში] სიარულს. ზოგს ეშინია და არ შეუძლია… ინტერნეტ ურთიერთობებით ვმართავ ინსტიტუტს. მეტი გზა არ მაქვს”.

მისივე თქმით, გასულ პერიოდში “ყველა შესაძლო უწყებასთან”, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

შენობის რთულ მდგომარეობაზე ნანა მაჭავარიანი ინფორმაციას აწვდის თსუ-ს ადმინისტრაციასაც, რომლის შემადგენლობაშიცაა ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

“გია შარვაშიძესთანაც მქონდა კომუნიკაცია, ჯაბა სამუშიასთანაც. ძალიან განიცდიან ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ ვერ გვეხმარებიან, რადგან მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, სახელმწიფოს ნება უნდა არსებობდეს, რომ ამ ინსტიტუციას მიხედონ”, — აღნიშნავს ის.

მინიმუმ 50 000 წიგნი, უზარმაზარი ფონდი

ნანა მაჭავარიანის თქმით, დაახლოებით 1 წლის წინ თსუ-მ ენათმეცნიერების ინსტიტუტს, ალტერნატიული სივრცის სახით, უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში რვა ოთახი შესთავაზა, თუმცა ინსტიტუტმა ეს შეთავაზება არ მიიღო.

მაჭავარიანი გვიხსნის, რომ ინსტიტუტის ბიბლიოთეკა მინიმუმ 50 000 წიგნს აერთიანებს, ისევე როგორც ფონდებს, რომლებიც გასულ წლებში სხვადასხვა ლექსიკონისათვის მომზადებულ, უზარმაზარი რაოდენობის ბარათებს მოიცავს.

“ეს პატარა ოთახები მარტო ბიბლიოთეკას არ ეყოფოდა”, — გვეუბნება ნანა მაჭავარიანი თსუ-ს მიერ გამოყოფილ 8 ოთახზე.

არაერთ ლექსიკონზე მუშაობა ჯერაც მიმდინარეობს. იმისათვის, რომ ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა სრულყოფილად იმუშაონ, მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ბარათებზე, რომლებზეც საჭირო სიტყვებია დატანილი.

დირექტორის თანახმად, ავარიულ შენობაში ის თანამშრომლები მიდიან, რომლებიც ხსენებულ ფონდებზე მუშაობენ.

რას ამბობენ თსუ-ში

“ნეტგაზეთი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ არსებობს რაიმე გეგმა ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობასთან დაკავშირებით.

თსუ-ს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ინსტიტუტის თანამშრომლები გაფრთხილებულნი არიან, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობაში არ შევიდნენ, ისევე როგორც ახსენეს საუნივერსიტეტო სივრცეში მუშაობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება გეგმებს შენობასთან დაკავშირებით, თსუ-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თსუ-ს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” გამოუგზავნა წერილობითი კომენტარი, რომელშიც ნათქვამია:

“თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც ინგოროყვას ქ.#8-ში მდებარეობს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მძიმედ დაზიანებულია და აკრძალულია შენობის ექსპლუატაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ოქტომბერში თსუ-ს ადმინისტრაციამ ინსტიტუტის თანამშრომლებს აუკრძალა შენობაში შესვლა და ისინი მუშაობის ონლაინ რეჟიმში გადაიყვანა.

ამჟამად, ალტერნატიული ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა უწყებასთან და, ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში საკითხი დადებითად გადაწყდება”.

გარეკანის ფოტოებზე ჩანს ოთახი, სადაც 14 თებერვალს ჭერი ჩამოინგრა. ფოტოები ინსტიტუტის თანამშრომელმა, დიანა ანფიმიადმა გამოაქვეყნა “ფეისბუკზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი