ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა შეუფარდა

15 თებერვალი, 2023 •
სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ამით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც წულაია სექსუალური ძალადობის [სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი] ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. თუმცა გაამტყუნეს 126-ე ძალადობის მუხლით და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ კი  გირაოთი გაათავისუფლეს.

პროკურატურის თქმით, საქალაქოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წულაია ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.


გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წულაია ბრალს არ აღიარებს.მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. დვალიშვილი  აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი