ახალი ამბები

გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

1 ივლისი, 2021 • 2286
გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პოლიტიკოსი გოგი წულაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და პატიმრობიდან 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.

აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.  საქმის განხილვა გაგრძელდება.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წულაია ბრალს არ აღიარებს.

მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. დვალიშვილი  აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი