ახალი ამბები

საქართველომ რუსულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ $76-მილიონიანი დავა წააგო

15 თებერვალი, 2023 • 1246
საქართველომ რუსულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ $76-მილიონიანი დავა წააგო

საქართველოს მთავრობამ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ 76-მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო.

საარბიტრაჟო დავა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ. კერძოდ, არბიტრაჟში საჩივარი „ინტერ-რაოს“ ორი ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის, GARDABANI HOLDINGS B.V.-ის და  SILK ROAD HOLDINGS B.V-ის სახელით იყო წარდგენილი.

კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.

იუსტიციის სამინისტროში ამბობდნენ, რომ „საქართველოს მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, რითაც 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი მოქალაქეები იხდიან უფრო მცირე ტარიფებს, ვიდრე კომპანია ითხოვდა“.

„ინტერ-რაო“ საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანია „თელასში“ აქციების 75%-ს ფლობს.

არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე. მისი თქმით, კარგად გამოჩნდა, წლების განმავლობაში რატომ მალავდა მთავრობა და არ ასაჯაროებდა ამ ხელშეკრულების დეტალებს.

„რუსეთზე გაზრდილი ენერგოდამოკიდებულების გარდა, კიდევ დამატებით დაგვეკისრა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ თავისი საკვანძო დაპირება ვერ შეასრულა და ვერ უზრუნველყო, რომ საქართველოში ენერგომატარებლებზე ტარიფები შემცირებულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცვლად შემცირებისა, რუსეთზე ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება, პირიქით, კალაძის არაკომპეტენტური მართვის შედეგად  გაიზარდა ჩვენზე ენერგოდამოკიდებულება და ამასთან ერთად თითქმის 100 მილიონი დოლარის გადახდა დაგვეკისრა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი