ახალი ამბებირეკლამა

არბიტრაჟი ეფექტურია ნებისმიერი ტიპის ქონებრივი დავის გადაწყვეტისათვის

5 დეკემბერი, 2017 •
არბიტრაჟი ეფექტურია ნებისმიერი ტიპის ქონებრივი დავის გადაწყვეტისათვის

2016 წლის ივნისიდან ამოქმედდა „დავების განმხილველი ცენტრის“ (DRC)-ის საარბიტრაჟო წარმოების წესების ახალი რედაქცია, რომელმაც მრავალი სიახლე შესთავაზა დავების ალტერნატიული განხილვის მექანიზმით-არბიტრაჟით დაინტერესებულ პირებს. წესების შემუშავებაში მონაწილეობდნენ DRC არბიტრები და სასამართლოს წევრები. მისი შექმნისას გათვალისწინებული იქნა როგორც საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისათვის დამახასიათებელი სტანდარტები, ასევე 2008 წლიდან ფუნქციონირების შედეგად მიღებული გამოცდილება.

გთავაზობთ ინტერვიუს დავების განმხილველი ცენტრის (DRC )გენერალურ დირექტორთან, მაკა ნაჭყებიასთან.

დავების განმხილველი ცენტრის (DRC )გენერალური დირექტორი, მაკა ნაჭყებია

– რა არის თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები?

– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ დავის სწრაფად და ნაკლები ხარჯებით განხილვა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ და დავნერგეთ საარბიტრაჟო განხილვის ელექტრონული წარმოება, რომლის ანალოგიც ჩვენს რეგიონში სხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტებს არ გააჩნიათ. ჩვენ ასევე ვზრუნავთ, გაიზარდოს არბიტრთა საზოგადოება. DRC-ის სასამართლო ყურადღებით ეკიდება DRC-ის არბიტრთა სიაში ახალი წევრების მიღებას. აღსანიშნავია, რომ DRC-ი მხარს უჭერს საქართველოს არბიტრთა ასოციაციას, მათ შორის ფინანსურად, რათა გაიზარდოს ქვეყანაში არბიტრაჟის მიმართ ცნობადობა, სახელმწიფო სასამართლოთა მხარდაჭერა, არბიტრთა კვალიფიკაცია. ასევე, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებას და მხარეებს ყოველთვის სჯეროდეთ, რომ საარბიტრაჟო განხილვის სამართლიანობა, არბიტრთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ყოველგვარ ეჭვს მიღმაა.

– რა უპირატესობები აქვს დავების განმხილველ ცენტრს (DRCსხვა საარბიტრაჟოინსტიტუტებთან შედარებით?

– უნდა აღინიშნოს, რომ DRC-ი არ არის დაფუძნებული სახელმწიფოს ან სახელმწიფო დაწესებულების მიერ, DRC-ის ძირითადი დამფუძნებელია არასამეწარმეო იურიდიული პირი „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“. DRC-ის სტრუქტურა და საარბიტრაჟო განხილვის წესები ქმნის დავის ნეიტრალური საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტის გარანტიებს. მნიშვნელოვანი უპირატესობაა DRC-ის საქმის წარმოების წესების ხარისხი.

ჩვენ დავების ელექტრონული წარმოება 2012 წლიდან დავიწყეთ, თუმცა 2014 წელს ამგვარი დავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქმის ელექტრონული წარმოება საშუალებას აძლევთ მხარეებს ოფისიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტისა და DRC-ის ვებპროგრამის მეშვეობით მიიღონ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობა, გაეცნონ საქმესთან დაკავშირებულ ინ ფორმაციას და არბიტრაჟის გადაწყვეტილებებს.

ამასთან, DRC-ის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმება. წესების შესაბამისად, დაუშვებელია მხარეებისათვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადაცემა, ფორმალური შემოწმების და DRC-ის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების გარეშე. სასამართლო ამოწმებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმას და ასევე უფლებამოსილია შენიშვნები მისცეს ტრიბუნალს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, რათა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იყოს მოტივირებული, ნათელი და წინააღმდეგობების გარეშე. ფორმალური შემოწმება უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მაღალ ხარისხს და ამცირებს სახელმწიფო სასამართლოს მიერ მისი გაუქმების რისკს.

– რომელი მხარეების ან რა ტიპის დავებისათვის არის არბიტრაჟი ეფექტური?

– უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟი ეფექტურია ნებისმიერი ტიპის ქონებრივი დავის გადაწყვეტისათვის. საარბიტრაჟო განხილვა სწრაფია და ნაკლებხარჯიანი. ერთი შეხედვით, არც ისე დაბალი საარბიტრაჟო ხარჯი, მაინც მნიშვნელოვნად მცირეა სასამართლო დავის ხარჯთან შედარებით, თუ მხედველობაში მივიღებთ სასამართლოში დავის სამ ინსტანციაში და ხანგრძლივ განხილვას, გრძელვადიან განხილვაში ადვოკატის მომსახურების ხარჯს და მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადას. აღსანიშნავია საერთაშორისო კომერციული დავების არბიტრაჟში განხილვის უპრატესობა.

სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტებს შორის გარიგების დადებისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დავა განიხილოს არა გარიგებაში მონაწილე რომელიმე მხარის სახელმწიფო სასამართლომ, არამედ ნეიტრალურმა დავის განმხილველმა ინსტიტუტმა. ამასთან, საარბიტრაჟო ინსტიტუტის-DRC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სხვა ქვეყნებში უზრუნველყოფილია ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციით. ამ კონვენციაზე მიერთების შედეგად რეგიონის ყველა ქვეყანას ნაკისრი აქვს ვალდებულება, ცნოს და აღასრულოს უცხო ქვეყანაში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

– რა უნდა გაითვალისწინონ მხარეებმა საარბიტრაჟო დათქმის შედგენისას?

– მე გამოვყოფდი მხოლოდ ორ საკითხს. მხარეებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ დავის განხილვას და ვურჩევდი გამოიყენონ ამ საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა. DRC-ის რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა მარტივია, ნათელია და უზრუნველყოფს, გარიგებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მოექცეს არბიტრაჟის კომპეტენციაში.

DRC-ის რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.drc.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი