ეკონომიკა

არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას „ინტერ-რაოსთვის“ $80 მლნ-ის გადახდა დაავალა

1 დეკემბერი, 2021 • 1654
არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას „ინტერ-რაოსთვის“ $80 მლნ-ის გადახდა დაავალა

სტოკჰოლმის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაოსთვის“ 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია Россия 24-ის ცნობით, გრძელვადიანი დავა  „ინტერ-რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის კომპანიის გამარჯვებით დასრულდა.

ტელეარხის ცნობით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას კომპანიის სასარგებლოდ დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

ტელეარხის განცხადებითვე, „კომპენსაციის ოდენობა გადაიხედება 2022 წლის მარტისთვის და, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2021 წლის 19 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ-რაოს“ გარკვეული კომპენსაცია ეკუთვნოდა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, „ინტერ-რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც „საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი“.

„სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

საარბიტრაჟო დავა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ. კერძოდ, არბიტრაჟში საჩივარი წარადგინა „ინტერ-რაოს“ ორი ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის სახელით.

კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ „საქართველოს მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, რითაც 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი მოქალაქეები იხდიან უფრო მცირე ტარიფებს, ვიდრე კომპანია ითხოვდა“.

„ინტერ-რაო“ საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანია „თელასში“ აქციების 75%-ს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი