ახალი ამბები

მივესალმები მერაბიშვილის გამოჩენას, დიდი საჩუქარია მმართველი პარტიისთვის – კალაძე

13 თებერვალი, 2023 • 891
მივესალმები მერაბიშვილის გამოჩენას, დიდი საჩუქარია მმართველი პარტიისთვის – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საჯაროდ გამოჩენა მმართველი გუნდისთვის დიდი საჩუქარია.

კალაძის თქმით, ისეთ ოპოზიციას, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და ვანო მერაბიშვილი წარმოადგენენ, ნებისმიერი მმართველი პარტია ინატრებდა.

„მე მხოლოდ მივესალმები მერაბიშვილის გამოჩენას, ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი პარტიისთვის და მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც გახლავთ მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მხოლოდ კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, რომ ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მერაბიშვილი, როგორიც არის ხაბეიშვილი, ეს არის შესრულებული, აღსრულებული და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.


ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ კმაყოფილია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებითა და ამ არჩევნების შემდეგ პარტიის მოქმედებით.

მერაბიშვილმა ენმ-ის წევრ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად ინტერვიუ იუთუბ არხს „ФЕЙГИН LIVE-ს“ 12 თებერვალს მისცა.

ინტერვიუს დასაწყისში მერაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, თუმცა ხელისუფლება მაინც არ აპირებს, უკან დაიხიოს. ის დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილს მარტივი პრაქტიკა აქვს მის მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით: ისინი ან ციხეში უნდა ისხდნენ, ან იყვნენ საზღვარგარეთ – „საქართველო რუსეთის აგრესიის პირველი მსხვერპლია და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს“.

რაც შეეხება ენმ-ში მიმდინარე ამბებს, ის დასძენს, რომ დაახლოებით 10 დღის წინ პარტიაში არჩევნები ჩატარდა და ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ელექტრონული არჩევნების გზით პარტიის ხელმძღვანელობა შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი