ახალი ამბები

128 საათის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვი ამოიყვანეს

11 თებერვალი, 2023 • 1521
128 საათის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვი ამოიყვანეს

თურქული მედიის მიხედვით, თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებული ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში, მაშველებმა 2 თვის ბავშვი გადაარჩინეს.

სააგენტო DHA-ს თანახმად, ბავშვი ნანგრევებიდან 11 თებერვალს, მიწისძვრიდან 128 საათის შემდეგ ამოიყვანეს. ბავშვი, რომლის ვინაობაც დაუზუსტებელია, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გადარჩენილი პატარას ფოტოს ტელეკომპანია CNN TÜRK ავრცელებს. ბავშვის ოჯახსა და ნათესავებზე ინფორმაცია თურქულ მედიაში, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 25 000-ს აჭარბებს.

თურქეთის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში 21 848 დაღუპულია აღრიცხული. სირიიდან 3 553 დაღუპულის შესახებ იუწყებიან. ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.

სამაშველო სამუშაოები, რომელსაც ყინვა ართულებს, გრძელდება. ნანგრევებიდან გადარჩენილთა ამოყვანას სიხარულის შეძახილებით ხვდებიან როგორც მაშველები, ისე ადგილობრივები, რომელთაც, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, უმძიმესი კვირა გაიარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი