ახალი ამბები

ასადის რეჟიმმა გაეროს ნება დართო, აჯანყებულთა ტერიტორიაზე დახმარება შეიტანოს — BBC

11 თებერვალი, 2023 • 1364
ასადის რეჟიმმა გაეროს ნება დართო, აჯანყებულთა ტერიტორიაზე დახმარება შეიტანოს  — BBC

დამანგრეველი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ სირიის მმართველ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გაეროს ნება დართო, შეიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სირიის სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს.

BBC-ის თანახმად, გაეროს წარმომადგენლები „სიფრთხილით“ ეკიდებიან აღნიშნულ ცნობას და ამბობენ, რომ პარალელურად, ისინი ელოდებიან ჩრდილოეთ სირიაში შესასვლელად დამატებითი გზების გახსნას. მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში ამჟამად მხოლოდ ერთი გზით არის შესვლა შესაძლებელი — თურქეთის მხრიდან.

თავად თურქეთში არსებული უმძიმესი ვითარების გამო, აღნიშნული მხრიდან სირიაში შესვლა გართულებულია. თუმცა, როგორც მედია იტყობინება, თურქეთიდან სირიაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ორი კოლონა შევიდა.

გაეროს გათვლებით, 6 თებერვლის მიწისძვრამ სირიაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი აქცია უსახლკაროდ და მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ დახმარება. მრავალწლიანი სამოქალაქო ომის გამო ქვეყნის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი აჯანყებული რეგიონები, განსაკუთრებული კრიზისის პირობებში ცხოვრობდა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი