ახალი ამბები

რას ელის აშშ საქართველოსგან

1 ივნისი, 2010 • 1223
რას ელის აშშ საქართველოსგან

”წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს სხვას” – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს  მიერ ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს და მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის, აგრეთვე, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებს.

 ”საქართველომ ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, შესამჩნევლად უკეთ ჩაატარა. სახეზეა საგრძნობი პროგრესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 ამავე დროს, აშშ-ის საელჩო ითვალისწინებს, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ვრცელდებოდა ცნობები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის არასათანადო მიუკერძოებლობით გაშუქების, ოპოზიციის წარმომადგენელთა და კანდიდატთა დაშინებისა და ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირებული უზუსტობების შესახებ.

 ”მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ამ გამოწვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. არჩევნების უკეთ ადმინისტრირება და საარჩევნო კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში. წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს სხვას” – წერს აშშ–ს საელჩო 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი