ახალი ამბები

ათასობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი, იშვილოს სირიაში მიწისძვრას გადარჩენილი ახალშობილი

10 თებერვალი, 2023 • 1887
ათასობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი, იშვილოს სირიაში მიწისძვრას გადარჩენილი ახალშობილი

მიწისძვრის შემდეგ სირიის პატარა ქალაქში ნანგრევების ქვეშ დაბადებული ბავშვის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. ამის შესახებ BBC წერს.

როცა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ახალშობილი გოგონა ჯერ კიდევ დედის სხეულთან იყო ჭიპლარით დაკავშირებული. ბავშვის მშობლები და მისი ოთხივე დედმამიშვილი ორშაბათის მიწისძვრას შეეწირნენ.

სირიის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქში, ჯინდაირისში დაბადებული აია ამჟამად საავადმყოფოშია.

“ორშაბათს ძალიან ცუდ მდგომარეობაში შემოიყვანეს. ჰქონდა სისხლჩაქცევები, სციოდა და ძლივს სუნთქვადა”, — დასძენს პედიატრი ჰანი მარუფი, რომელიც აიას მკურნალობს. ბავშვის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ამოჰყავს კაცს ნანგრევებიდან ახალშობილი, მსოფლიოს გარშემო უამრავმა ადამიანმა ნახა. როგორც BBC წერს, აიას შორეულმა ნათესავმა ხალიდ ალ-სუვადიმ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ბავშვი სირიის ქალაქ აფრინში, ექიმ მარუფთან წაიყვანა.

სოციალურ მედიაში ათასობით ადამიანი კითხულობს დეტალებს, თუ როგორ შეიძლება აიას შვილად აყვანა.

“მზად ვარ, მოვუარო და ვიშვილო ბავშვი… თუ კანონიერი პროცედურები ამის საშუალებას მომცემს”, — თქვა ქუვეითელმა ტელეწამყვანმა.

საავადმყოფოს მენეჯერი ხალიდ ატია ამბობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ათეულობით ადამიანმა დაურეკა. მათაც სურთ, აია იშვილონ.

თუმცა, მენეჯერის თქმით, რომელსაც თავადაც ქალიშვილი ჰყავს, ამის საშუალებას ამჟამად არავის მისცემს. როგორც აღნიშნავს, სანამ ბავშვის შორეული ნათესავები არ დაბრუნდებიან, გოგონას ისე მოუვლის, როგორც საკუთარ შვილს.

ხალიდ ატიას მეუღლე ძუძუთი კვებავს როგორც თავის ქალიშვილს, ისე ახალშობილ აიას.


თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. თურქეთის ხელისუფლება 17 406 დაღუპულზე საუბრობს, სირიიდან კი 3 317 დაღუპულზე იტყობინებიან.

მიწისძვრიდან მეოთხე დღეს, თურქეთსა და სირიაში ნანგრევებიდან ისევ ამოჰყავდათ გადარჩენილები, თუმცა ოპერაციას მეტად ართულებს ყინვა ორივე ქვეყანაში.

ფოტო: BBC

როგორ და სად შეგიძლიათ თურქეთში დახმარების გაგზავნა თბილისიდან — სია

ომის შემდეგ, დამანგრეველი მიწისძვრის პირისპირ: სირია კრიზისიდან კრიზისამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი