ახალი ამბები

ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას? — ცვლილება კანონში

8 თებერვალი, 2023 • 1310
ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას? — ცვლილება კანონში

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების — პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, რიმა ბერაძის და ანტონ ობოლაშვილის — თანახმად, ცვლილებების მიზანია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებული შესაძლო საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა და პროცედურული საკითხის დახვეწა.

კანონის მოქმედი რედაქციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია, თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება. ინიცირებული ცვლილება ითვალისწინებდა ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობის ოთხამდე გაზრდას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას, რომელსაც დაეკისრებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მის არყოფნაში. თუმცა საკომიტეტოს მოსმენისას, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ გამოთქმული კრიტიკის ფონზე, გადაწყდა, არ გაზრდილიყო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი არსებულ სამთაგან არჩეულიყო.

„დავთანხმდით, რომ დარჩება სამი ვიცე-პრეზიდენტი და მათგან ერთი იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი“, — განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

დღეისთვის ეროვნული ბანკის საბჭოში შედიან- პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, 3 ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა და არააღმასრულებელი წევრები: ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი, ეკატერინე გალდავა და ნათია თურნავა. 9-კაციანი საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტურია. მოქმედ პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ეწურება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი