ახალი ამბები

ესებუა საკუთარი სახლიდან, დაახლოებით, 2 კმ-ში იმალებოდა – “მთავარი არხი”

8 თებერვალი, 2023 • 6688
ესებუა საკუთარი სახლიდან, დაახლოებით, 2 კმ-ში იმალებოდა – “მთავარი არხი”

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუა საკუთარ საცხოვრებელი სახლიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრის დაშორებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, იგი 2 წლის განმავლობაში ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში იმალებოდა. “მთავარი არხის” ცნობით, ოჯახის წევრები პოლიციამ სახლიდან გადაიყვანა განყოფილებაში.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ესებუამ ნათესავებს თავდაპირველად 3 თვის განმავლობაში სთხოვა თავშესაფარი, შემდეგ კი ვეღარ შეძლო მისი დატოვება.

ესებუას ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად ქუთაისშია გადაყვანილი.

ბადრი ესებუა დღეს, 8 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. შსს დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

ბადრი ესებუა ორი წლის განმავლობაში იძებნებოდა, როგორც 2020 წელს “საქართველოს ბანკზე” თავმდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და 500 ათასი აშშ დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიიმალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი