ახალი ამბები

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა

8 თებერვალი, 2023 • 701
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ თურქეთში, სახელმწიფოს თანახმად, 6 234 ადამიანია დაღუპული.

7.8 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც თურქეთის სამხრეთით მდებარე ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო, ჯამში, 10 პროვინცია და 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

პირველ მიწისძვრას მოგვიანებით, შუადღისას, იმავე ზონაში, კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა: ამჯერად, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო “ანადოლუ” წერს კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, დაშავებულთა რიცხვი თურქეთში 37 000-ს აჭარბებს.

ამავე სამსახურის ცნობით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში 79 000-ზე მეტი პირია ჩართული. მესამე დღეა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

თურქეთში სამაშველო ჯგუფები მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც გაგზავნა. როგორც საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წერს, ქართველმა მაშველებმა ქალაქ ადიამანში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს.

“[ის] კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი”, — წერს უწყება.

სააგენტო AFP-ს თანახმად, სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 470-ს მიაღწია. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი, რომლებიც მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა, აქამდეც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო წლების მანძილზე მიმდინარე ომისა და საჰაერო დაბომბვების გამო.

ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით, მოქალაქეები სიხარულის შეძახილებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც სირიის ქალაქ იდლიბში მაშველებმა 6-სულიანი ოჯახის წევრები ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებს მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. როგორც BBC წერს, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ტემპერატურა -1 C-მდე დაეცა, კიდევ უფრო ჩრდილოეთით, მთიანი რეგიონების მიმდებარედ კი -5 C ყინვაა.

როგორ და სად შეგიძლიათ თურქეთში დახმარების გაგზავნა თბილისიდან — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი