ახალი ამბები

საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს – ხერხეულიძე

7 თებერვალი, 2023 • 719
საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს – ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ახლა საპარლამენტო ცხოვრების შეწყვეტის კი არა, საკანონმდებლო ორგანოს დატოვების დროა.

ასე გამოეხმაურა ხერხეულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილი განცხადებას, რომ  პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.

ხერხეულიძის თქმით, ახლა ქუჩაში უნდა იყოს ფრონტი და ბოიკოტის დრო არ არის.

„ჩემი აზრით, საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს. შესვლის დროსაც ეს პოზიცია მქონდა. მანდატები ვისაც ჰქონდა, მათგან მე და აკო მინაშვილი ვიყავით პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი. ახლაც იგივე აზრზე ვარ. მე ვფიქრობ, ახლა შეწყვეტის და ბოიკოტის დრო არ არის, ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, როდესაც ბოიკოტს აცხადებ. დღეს ადამიანზე გვითხრეს, რომ ნებადართულია სიკვდილით დასჯა.

ეს ადმიანი არის ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შექმნელი, მეტი ამ ქვეყანაში არაფერი მოხდება. უნდა არსებობდეს რადიკალური ნაბიჯები და ეს ნაბიჯები უნდა ეტყობოდეს ქუჩაში აქტივობას. ბუნებრივია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ შეწყდება აქციები. როდესაც ორჭოფული იქნება გადაწყვეტილება, აქციები არ იქნება ისეთი ეფექტიანი, რომელიც მალე მიგვიყანს დასასრულამდე. ამიტომ ჩემი სურვილი ეს იქნებოდა, ჩემს ყველა კოლეგას მოვუწოდებ [დატოვონ პარლამენტი], საკრებულოებს რომ შეეხო, ძალიან ბრუტალურია, რეგიონებში სხვა ვითარებაა. საქართველოს პარლამენტს აქვს სხვა პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა არის ჩვენი ტვირთი“, – განუცხადა ეკა ხერხეულიძემ „მთავარ არხს“.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ენმ-ში სპეციალური ბრიფინგი დაინიშნა, რომელიც პარტიის სამომავლო გეგმებს ეხებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და გადადის ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი