ახალი ამბები

მიწისძვრა თურქეთში: ჰათაის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ორად გაიყო

6 თებერვალი, 2023 • 1667
მიწისძვრა თურქეთში: ჰათაის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ორად გაიყო

თურქეთის ქალაქ ჰათაიში მდებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ორად გაიყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში შენობები დაინგრა და გზატკეცილები დაზიანდა.

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 600 ადამიანია დაღუპული.  ასობით მოქალაქე დაშავდა, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

ჰათაის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის დაზიანების შემდეგ, რეისები დაუყოვნებლივ შეწყდა. როგორც გამოცემა Bianet წერს, ამ ფაქტმა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაც შეაფერხა.

ჰათაი ერთ-ერთია თურქეთის იმ პროვინციებიდან, რომლებიც სირიასთან იყოფენ საზღვარს.

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო.

ბოლო ცნობებით, სირიაში 320 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა, თურქეთში დაღუპულია სულ მცირე 284 ადამიანი. Reuters ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯამში, 3 000-მდე მოქალაქე დაშავდა.

როგორც თურქეთში, ისე სირიაში, მრავალი ნაგებობა დაინგრა. როგორც AP News თურქეთის ვიცე-პრეზიდენტზე, ფუათ ოქთაიზე დაყრდნობით წერს, მხოლოდ გაზიანთეფისა და ქაჰრამანმარაშის პროვინციებში 900-მდე შენობაა დანგრეული.

მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, კვიპროსში, ისრაელსა და ლიბანში.

გარეკანის ფოტო: სქრინი ვიდეოდან via Hurriyet

მასალების გადაბეჭდვის წესი