ახალი ამბები

ხელაშვილი იმედოვნებს, რომ ლიეტუვის მთავრობა შეიცვლება და „ჩადგება კალაპოტში“

6 თებერვალი, 2023 • 1633
ხელაშვილი იმედოვნებს, რომ ლიეტუვის მთავრობა შეიცვლება და „ჩადგება კალაპოტში“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის აზრით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის „მეტწილად გარანტირებულია“, მაგრამ არსებობენ „ელემენტები“, რომლებიც საქართველოს წევრობის წინააღმდეგ არიან.

ერთ-ერთ მაგალითად მან ლიეტუვის მთავრობა დაასახელა.

„მთავარია ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვყავს მოწინააღმდეგეები. ეს მოწინააღმდეგეები შეიძლება ძალიან ბევრი კუთხიდან გამოვიდნენ. მაგალითად, ტრადიციულად, ლიტვა იყო ჩვენი მოკავშირე, მაგრამ ორი წელია, იქ შეიცვალა მთავრობა და უცებ ჩვენ სრულიად წარმოუდგენელი რაღაცის წინაშე აღმოვჩნდით, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში, ლიტვა არის წინააღმდეგ“, — განაცხადა ხელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

დეპუტატმა „ქართული ოცნების“ მიღწევად დაასახელა გერმანია-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება და თქვა, რომ გერმანია ხდება „საქართველოს ევროპაში შეყვანის მთავარი შემოქმედი“.

„გახსოვთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ შოლცის სიტყვები: ლისაბონიდან თბილისამდე არის ევროპა. ეს არის ისტორიული სიტყვები. ბუნებრივია, რჩებიან ქვეყნები, თანაც არც ისე პატარა ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილები. ასევე, ცალკეული მთავრობები გამოჩნდნენ ე.წ. ახალ ევროპაში — ლიტვა დავასახელე… ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის ძალიან სამწუხაროდ, ქვეყანა, რომელიც ტრადიციულად იყო საქართველოს მომხრე, დღევანდელი ულტრაკონსერვატიული პარტიის მმართველობით — და იცით მათი წარმომადგენლები: ჟიგიმანტასი [პავილიონისი], რასა [იუკნევიჩიანე] და ასე შემდეგ, — ისინი, სამწუხაროდ, გახდნენ საქართველოსთვის შემაფერხებელი ფაქტორი. მაგრამ იმედია, რომ ის მთავრობა შეიცვლება და ლიტვა ჩადგება ისევ კალაპოტში და საქართველოს მხარს დაუჭერს“, — განაცხადა ხელაშვილმა.

ლიეტუვის მოქმედი მთავრობა დაკომპლექტებულია ქრისტიან-დემოკრატების (TS-LKD), ლიბერალური მოძრაობისა და თავისუფლების პარტიის მიერ. ხელაშვილის მიერ დასახელებული ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წარმოადგენენ ლიეტუვის კოალიციურ მთავრობაში შემავალ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას „სამშობლოს კავშირი – ქრისტიან დემოკრატები“ — ასევე ცნობილი, როგორც ლიეტუველი კონსერვატორები. პარტიას ჰყავს 18 000-ზე მეტი წევრი, იკავებს სეიმის ადგილების თითქმის მესამედს და არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი. პარტიის ამჟამინდელი ლიდერია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ადასტურებს ლიეტუვის თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, თუმცა აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერჯერობით დამაჯერებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ის ასევე სვამს კითხვას, რამდენად თანხვედრაშია საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკასთან.

„ლიეტუვა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მზად არის, უზრუნველყოს ყველა შესაძლო პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ ევროპის მარშრუტზე მოძრაობის სიჩქარე დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური ძალების ნებაზე და გადაწყვეტილებებზე, დაძლიონ პოლარიზაცია შიდა პოლიტიკაში, გააძლიერონ მედეგობა საგარეო საფრთხეების მიმართ და გააერთიანონ ძალისხმევა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც განიცდიან რუსეთის აგრესიას“, — განაცხადა ლანდსბერგისმა 2 თებერვალს, ლიეტუვაში საქართველოს ელჩ სალომე შაფაქიძესთან შეხვედრაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი