ახალი ამბები

„ბოლტის“ მძღოლების აქციას ვოლტის კურიერებიც შეუერთდნენ

5 თებერვალი, 2023 • 1462
„ბოლტის“ მძღოლების აქციას ვოლტის კურიერებიც შეუერთდნენ

დღეს, 5 თებერვალს, თბილისში კიდევ ერთი გაიმართა — საკურიერო კომპანია „ვოლტის“ კურიერების შემდეგ აქცია გამართეს ტაქსის კომპანია „ბოლტის“ მძღოლებმაც.

უნივერსიტეტის ქუჩაზე, თსუ-ის მაღლივ კორპუსთან გამართულ აქციას შეუერთდნენ „ვოლტის“ კურიერებიც, რომლებსაც, დაახლოებით, მსგავსი მოთხოვნები აქვთ.

„ბოლტის“ მძღოლების თქმით, არსებული ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე შემცირდა ტაქსით გადაადგილების საფასური, კომპანიამ კი ტაქსით მგზავრობის საფასური მძღოლების ანაზღაურების ხარჯზე შეამცირა, მგზავრის გადახდილ საბოლოო ფასში კი კომპანიის წილი არ შემცირებულა.

მძღოლები ითხოვენ:

  1. გაიზარდოს მძღოლების ანაზღაურების წილი ტაქსით მგზავრობის საფასურში, შემცირდეს კომპანია „ბოლტის“ საკომისიო;
  2. გაიხსნას „ბოლტის“ ოფისი, სადაც მათ დახმარებას გაუწევენ თანამშრომლები, რადგან როგორც ისინი ამბობენ, პრობლემის შემთხვევაში, მათ კომპანიასთან ჩატბოტის საშუალებით უწევთ კომუნიკაცია და ავტომატურად გენერირებული პასუხების მიღება, ნაცვლად პრობლემის რეალური მოგვარებისა.

„ჩვენ უკან დგანან ოჯახები, არავის ადარდებს, ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ“, — ამბობენ მძღოლები. მათი თქმით, მძღოლების პროტესტს შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია და უფრო მეტიც, კომპანიის მხრიდან კომუნიკაციის მცდელობაც არ ყოფილა.

„ბოლტის“ მძღოლები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

მთავარ ფოტოზე: საკურიერო კომპანია „ვოლტის“ თანამშრომლები ტაქსის კომპანია „ბოლტის“ მძღოლების აქციას შეუერთდნენ. 5 თებერვალი, 2023/„მაუწყებელი“

მასალების გადაბეჭდვის წესი