ახალი ამბები

ომბუდსმენმა “ბოლტის” მხრიდან გაფიცული კურიერების დისკრიმინაცია დაადგინა

15 ივნისი, 2021 • 1018
ომბუდსმენმა “ბოლტის” მხრიდან გაფიცული კურიერების დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა და კომპანიას აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

სახალხო დამცველს მიმართეს „ბოლტის“ კურიერებმა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქციის გამართვისა და პროფკავშირის შექმნის გამო, კომპანიამ მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა — შეუზღუდა აპლიკაციაზე წვდომა.

სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში „ბოლტი“ აღნიშნავდა, რომ კომპანიასა და განმცხადებლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება არა შრომითი, არამედ საპარტნიორო ხელშეკრულებით. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, პარტნიორი კურიერები პლატფორმიდან დაიბლოკნენ არა პროტესტის გამოხატვის, არამედ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის გამო, რითიც ხელი შეუშალეს Bolt Food-ისა და პარტნიორი რესტორნების საქმიანობას.

“საერთაშორისო ინსტიტუტების და სხვადასხვა იურისდიქციების მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირები, მათ შორის „ბოლტის“ კურიერები, კომპანიასთან არიან შრომით ურთიერთობაში და, შესაბამისად, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

რაც შეეხება კომპანიის მიერ განმცხადებლებისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვას, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რისი საფუძველიც კურიერების მიერ გამოხატული პროტესტი გახდა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ბოლტს“ მიმართა რეკომენდაციით:

  • დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს [კურიერებს] აპლიკაციაზე წვდომა;
  • რეკომენდაციით დადგენილი სტანდარტი გავრცელდეს ყველა იმ კურიერის მიმართ, რომელსაც პროტესტის გამოხატვის გამო ასევე შეუჩერდა აპლიკაციაზე წვდომა, სურს წვდომის აღდგენა, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავს;
  • მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

მარტის თვეში Bolt Food-ის კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს, დემონსტრაცია გამართეს და, სხვა საკითხებთან ერთად, ტარიფების გაზრდა და საბონუსე სისტემის გადახედვა მოითხოვეს.

კომპანიამ, რომლის ცენტრალური ოფისიც ესტონეთში მდებარეობს, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია „პარტნიორების [ანუ კურიერების] ყოველდღიურ საქმიანობაში გამორჩეული მხარდაჭერით უზრუნველყოფა“, თუმცა დემონსტრაციაზე პასუხად რამდენიმე კურიერი სისტემიდან დაბლოკა და „მკაცრი რეაგირებით“ დაიმუქრა.

გიგ-ეკონომიკისა და კურიერების დავის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით მასალას ნეტგაზეთის არქივიდან.

რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ

მასალების გადაბეჭდვის წესი