საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურს მოუწოდებს, რეგულარულად შეამოწმოს ხოლმე მიტანის სერვისის კომპანიები.
20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში HRW წერს, რომ ქვეყანაში კოვიდ-პანდემიას მიწოდების სერვისის ბუმი მოჰყვა და „ქუჩები გადავსებულია მოპედებით, რომლებიც Glovo-სა და Bolt Food-ის ბრენდირებული ყუთებით გადაადგილდებიან“.
როგორც ორგანიზაცია აღწერს, ასეთ აპლიკაციებზე მუშაობა მაცდურად გამოიყურება, რადგან სამუშაო გრაფიკი მოქნილია, სამუშაო კი, „უამრავი“, თუმცა:
„იანვრის შემდეგ თბილისში ორი გაფიცვა გაიმართა Glovo-სა და Bolt Food-ში მომუშავე კურიერების მონაწილეობით“. ორგანიზაციის თანახმად, 100-ზე მეტმა მშრომელმა გამორთო აპლიკაცია ანაზღაურების პოლიტიკაში ცვლილებზე პასუხად, ცვლილებები კი ანაზღაურების შემცირებასა და საბონუსე სისტემის ცვლილებას ითვალისწინებდა.
Human Rights Watch წერს, რომ არაერთ ქვეყანაში აქვთ დოკუმენტირებული, თუ როგორ არ უხდიან მსგავს აპლიკაციებზე დაფუძნებული კომპანიები მშრომელებს საარსებო მინიმუმსაც კი და „ეს ტრენდი შესაძლოა საქართველოშიც ძლიერდებოდეს“;
ამასთან, HRW მიუთითებს, რომ თითოეულ გამოძახებაზე ანაზღაურების შემცირება და ბონუსის მისაღებად საჭირო 180 მიტანის განხორციელების ამბიციური გეგმა მათი შრომის უსაფრხოებაზეც აისახება, ეს კი ისეთი საკითხია, რაც საქართველოს შრომის ბაზარზე მსგავსი აპლიკაციების მიღმაც დიდი პრობლემაა.
HRW ასევე მიუთითებს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურმა ეს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ წამოსწია, რაც [„გლოვოს“] ერთ-ერთი კურიერი ავტოავარიაში მოჰყვა [2020 წელს], — სამსახურმა კომპანიაში ინსპექტირება განახორციელა და კომპანია დააჯარიმა.
„სამწუხაროდ, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, გლოვო ამ დასკვნებს სასამართლოში ასაჩივრებს“, – წერს HRW.
ორგანიზაცია ასევე წერს, რომ მათთვის გაგზავნილ წერილში Bolt Food-მა უარყო კავშირი ბონუსების სისტემის არსებულ მოდელსა და შრომისას უსაფრთხოების რისკების ზრდას შორის, Glovo-ს კი მათთვის ჯერ არ უპასუხია.
„არასტაბილური და სახიფათო სამუშაო პირობები საქართველოში სერიოზული პრობლემაა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში [სახელმწიფოს მხრიდან] გადაიდა პოზიტიური ნაბიჯები — შრომის ინსპექციის აღდგენა და 2020 წლის შრომის რეფორმა“, – წერია განცხადებაში.
„იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში მოსალოდნელია აპლიკაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდა, შრომის ინსპექციამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ასეთი კომპანიების სისტემურ და რეგულარულ შემოწმებებს“, – აცხადებს Human Rights Watch.
კურიერების, მათი პროტესტისა და შრომის პირობების შესახებ გირჩევთ, გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
რა არის „გიგ-ეკონომიკა“ და რა შეიძლება შეცვალოს კურიერის სასამართლო დავამ