ახალი ამბები

პროცესი დაიწყო შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სხვა ქვეტექსტი არადროს ჰქონია – ოპერატორები

4 თებერვალი, 2023 • 1101
პროცესი დაიწყო შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სხვა ქვეტექსტი არადროს ჰქონია – ოპერატორები

ტელეკომპანია „ფორმულას“ გაფიცული ოპერატორები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, აცხადებენ, რომ მათი მხრიდან პროცესი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დაიწყო და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არადროს ჰქონია.

ამის შესახებ ოპერატორები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ.

როგორც ოპერატორები აცხადებენ, ტელეკომპანია ღია არ აღმოჩნდა მათი მოთხოვნების განხილვისთვის და მენეჯმენტმა ამ თემაზე პირველივე კომუნიკაციაში მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩვენ, ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის გაფიცულმა ოპერატორებმა გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენსა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე პროცესის შესახებ, რომელიც შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. ჩვენი მხრიდან ეს პროცესი დაიწყო ჩვენი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არადროს ჰქონია, როგორც ამის წარმოჩენას ტელეკომპანია ფორმულა ცდილობს.

მოთხოვნის გაჟღერებოსთანავე ჩვენი მოქმედებები იყო კონსტრუქციული და მოლაპარაკებებზე ორიენტირებული. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ დრომდე ვცდილობდით პროცესი დარჩენილიყო ორგანიზაციის შიგნით და არ გამოგვეტანა საჯაროდ, რათა დაგვეტოვებინა კომპანიასთან შეთანხმების სივრცე და კრიტიკული მედიისთვის, რომლის არსებობა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ მიგვეყენებინა რეპუტაციული ზიანი.

სამწუხაროდ, ტელეკომპანია ღია არ აღმოჩნდა ჩვენი მოთხოვნების განხილვისთვის და მენეჯმენტმა პირველივე კომუნიკაციაში ამ თემაზე შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამის საპირისპიროდ, მენეჯმენტმა სრულად უარყო ჩვენი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა და მალევე, როგორც კი ეს პროცესი საჯარო გახდა, დაიწყო „გარე ძალების“ ჩართულობაზე საუბარი, რაც ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია. ჩვენ ამდენი წელი, ნაწილი დაფუძნებისთანავე, ვმუშაობთ ტელეკომპანია ფორმულაში და სწორედ ჩვენს მძიმე შრომაზე და პროფესიულ თავდადებაზე იდგა საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირება“, – ნათქვამია ოპერატორების განცხადებაში.

მათი თქმით, გათავისუფლებულ ოპერატორებთან დაკავშირებით „ფორმულას“ მიერ 4 თებერვალს გავრცელებული განცხადება, ტელეკომპანიაში არსებული რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობაა.

საუბარია „ფორმულას“ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობ ჰქონდათ, თუმცა ოპერატორები თავიან „ულტიმატუმებზე“ იყვნენ.

„ჩვენი შეფასებით, ეს არის მცდელობა გადაიფაროს ტელეკომპანიაში არსებული რეალური პრობლემები, რომლებიც ჩვენ, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს გვაწუხებდა. ჩვენი შეფასებით, სამსახურში არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა ოპერატორის მძიმე პროფესიასთან და სამუშაო რეჟიმთან. საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების მინიმალური ხელფასი მხოლოდ 500 ლარია. საშუალო ხელფასი 2500 ლარი კი, რაზეც კომპანია აპელირებს, გაფიცული 25 ოპერატორიდან მხოლოდ 6-ს აქვს და მასზე აქცენტირება უსამართლოა, ეს ადამიანები ტელევიზიაში მუშაობენ გახსნის დღიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შრომითი ანაზღაურების გაუმჯობესებას ვითხოვთ, თუმცა მთელი ეს დრო ჩვენი მოთხოვნები პრაქტიკულად უპასუხოდ რჩებოდა და ხელფასის ზრდას მინიმალური ხასიათი ჰქონდა“, – ნათქვამია ოპერატორების განცხადებაში.

როგორც ოპერატორები აცხადებენ, ტელეკომპანია ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს თავად ოპერატორებმა არ ისურვეს მათთან დიალოგის გაგრძელება.

„სინამდვილეში ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო რამდენიმე კომპრომისული ვერსია, რაზეც მათი მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ გადმოდგმულა. საწყის ეტაპზე ჩვენ ხელფასების თუნდაც 10 პროცენტით მატება შევთავაზეთ, თუმცა ამაზე მივიღეთ კატეგორიული უარი. გუშინ, 3 თებერვალს მივმართეთ წერილობითაც და შევთავაზეთ კიდევ ერთი კომპრომისული ვარიანტი, რაც ხელფასის ეტაპობრივ მატებას გულისხმობს, თუმცა, როგორც ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან შევიტყეთ, დამსაქმებელმა ჩვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ, ჩვენი პროფესიის პატივისცემისა და ქვეყანაში კრიტიკული მედიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ წარმოშობილი სიტუაცია კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში დავაბრუნოთ, თუ ეს კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენი ღირსების პატივისცემით წარიმართება და შრომითი და სოციალური საკითხების საქმიან და სამართლიან გარემოში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ნათქვამია ოპერატორების განცხადებაში.


ტელეკომპანია “ფორმულამ” საინფორმაციო გამოშვების ოპერატორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, გაათავისუფლა. ჯამში, საუბარია 24 ვიდეოოპერატორზე.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტებმა, ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმაც დატოვეს. ორივე მათგანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათ ტელეკომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე პირველ თებერვალს, „ფორმულას“ ოპერატორთა გაფიცვის პირველივე დღეს, დატოვეს.

მათი თქმით, არხიდან წამოსვლის მიზეზი ოპერატორების მიმართ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გახდა.

„ფორმულას“ განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობ ჰქონდათ, თუმცა ოპერატორები თავიან „ულტიმატუმებზე“ იყვნენ.

ამასთან, „ფორმულა“ აცხადებს, რომ გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი დაცული არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი