ახალი ამბები

ფორმულას გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის შენობასთან პროტესტს აგრძელებენ

4 თებერვალი, 2023 • 1140
ფორმულას გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის შენობასთან პროტესტს აგრძელებენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ გაფიცული ოპერატორები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და „ფორმულას“  შენობასთან შეკრებილები პროტესტს აგრძელებენ.

როგორც ოპერატორებმა ნეტგაზეთს უთხრეს, ისინი „ფორმულას“ ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

როგორც მათ ნეტგაზეთს უთხრეს, გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის შენობასთან პროტესტს გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ამასთან, ოპერატორები ეხმიანებიან „ფორმულას“ მიერ დღეს, 4 თებერვალს, გავრცელებულ განცხადებას და ამბობენ, რომ მის შინაარს არ ეთანხმებიან.

ოპერატორების თქმით, ისინი ხელფასის 500 ლარით ზრდას კატეგორიულად არ ითხოვდნენ და იმისთვის, რომ მოლაპარაკებებისთვის სივრცე დაეტოვებინათ, ხელმძღვანელობას წერილი მისწერეს და კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს, რაც აღნიშნული თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებასა და ხელფასის ეტაპობრივად მომატებას გულისხმობდა.

თუმცა მათი თქმით, კომპრომისის შეთავაზების შემდეგ ხელმძღვანელობისგან პასუხი არ მიუღიათ და გაფიცული ოპერატორები, დაახლოებით, 2 საათში გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული ოპერატორები ასევე გამოეხმაურნენ „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილასც, სადაც საუბარია იმაზე, რომ  ბოიკოტის რეჟიმში მყოფები პირადად და სხვა ოპერატორების გავლით უკავშირდებოდნენ გადაღებაზე გასულ თანამშრომლებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ოპერატორები აღნიშნულს უარყოფენ და როგორც ნეტგაზეთთან ამბობენ, მათ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ. მათი თქმით, „უბრალოდ, უხსნიდნენ სიტუაციას, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ნიუსის ოპერატორები არიან გაფიცულები“.

სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები სამართლებრივ დავას აპირებენ.


ტელეკომპანია “ფორმულამ” საინფორმაციო გამოშვების ოპერატორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, გაათავისუფლა. ჯამში, საუბარია 24 ვიდეოოპერატორზე.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტებმა, ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმაც დატოვეს. ორივე მათგანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათ ტელეკომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე პირველ თებერვალს, „ფორმულას“ ოპერატორთა გაფიცვის პირველივე დღეს, დატოვეს.

მათი თქმით, არხიდან წამოსვლის მიზეზი ოპერატორების მიმართ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გახდა.

„ფორმულას“ განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობ ჰქონდათ, თუმცა ოპერატორები თავიან „ულტიმატუმებზე“ იყვნენ.

ამასთან, „ფორმულა“ აცხადებს, რომ გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი დაცული არ იყო.

 

ფოტო: მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი