საზოგადოება

ჟურნალისტებმა ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმა „ფორმულა“ დატოვეს

4 თებერვალი, 2023 • 2718
ჟურნალისტებმა ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმა „ფორმულა“ დატოვეს

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტებმა, ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმა დატოვეს.

ორივე მათგანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათ ტელეკომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე პირველ თებერვალს, „ფორმულას“ ოპერატორთა გაფიცვის პირველივე დღეს, დატოვეს.

გუშინ, 3 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საინფორმაციო გამოშვების ოპერატორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, გაათავისუფლა.

ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის ქმრებიც „ფორმულას“ ამ ოპერატორებს შორის არიან.

როგორც ქეთი ხიდიშელი ამბობს, არხიდან მისი წამოსვლის მიზეზი ოპერატორების მიმართ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გახდა.

„დეტალებზე არ მინდა საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ მიზეზი გახდა ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გაფიცული თანამშრომლების მიმართ. ჩემს გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან.

სავარაუდოდ, ყველა თავის მიზეზებზე ისაუბრებს და საკუთარ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ის, რომ ჩემი ქმარი იყო გაფიცული, ამას კავშირი არ აქვს. სანამ ჩემს ქმარს გამოუშვებდნენ იქიდან, მე ეს გადაწყვეტილება მანამდე მივიღე. იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულება, რომელიც დავინახე ამ 25 ბიჭის მიმართ, არ იყო ჩემთვის მისაღები. დეტალებს ჯერჯერობით არ ვყვები“, – განაცხადა ქეთი ხიდიშელმა ნეტგაზეთთან.

ქეთი ხიდეშილის მსგავსად, მარტა ქურასბედიანიც ამბობს, რომ მისი წამოსვლის მიზეზი გაფიცული თანამშრომლების მიმართ  ხელმძღვანელების დამოკიდებულება გახდა.

ქურასბედიანის თქმით, სამართლიანი პროტესტის წინაღმდეგ ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლურ კამპანიას დაიწყო, რომ პროცესი გარედან მართულია და სხვა კონექსტი აქვს, რაც მისთვის მიუღებელი იყო და ამიტომ არხი დატოვა.

ამასთან, ქურასბედიანიც ხაზს უსვამს, რომ არხის დატოვებას კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან.

„ჩემთვის წითელი ხაზი იყო ცილისწამება. ამ ადამიანებთან ჩვენ სამ წელზე მეტია ვმუშაობთ და როდესაც უაპელაციოდ და მტკიცებულებების გარეშე მიდის იმაზე საუბარი, რომ თურმე პროცესი მართულია, აქ ჩემი ქმარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მე ჩემს კრიტიკულ პოზიციას ყოველთვის გამოვხატავდი და ბუნებრივია, ამის შემდეგაც ასე გავაგრძელებ. ეს ჩემთვის ამოსავალია.

როდესაც, შენ 3 წელზე მეტია არხზე მუშაობ, რომლის შექმნაშიც თავად გაქვს მონაწილეობა მიღებული, იმის თქმა, რომ მისი ქმარი თურმე გარედან მართულია,ბუნებრივია, შეურაცხმყოფელია. ეს რას ნიშნავს, რომ თუ ჟურნალისტი კრიტიკულ კითხვებს სვამს და მუშაობს კრიტიკულ მედიაში და მისი ქმარი თურმე გარედან მართულია, ლოგიკური  ჯაჭვი სად არის არ ვიცი. ბუნებრივია, ეს ჩემთვის იყო ღირსების შელახვა და ამიტომ ავდექი და წამოვედი“, – განუცხადა ნეტგაზეთს მარტა ქურასბედიანმა.


ტელეკომპანია “ფორმულამ” საინფორმაციო გამოშვების ოპერატორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, გაათავისუფლა.

ჯამში, საუბარია 24 ვიდეოოპერატორზე.

როგორც ნეტგაზეთს ტელეკომპანიის იურისტმა განუცხადა, კომპანიამ თანამშრომლებს მისცა არაერთი გაფრთხილება და დრო, რათა ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაბრუნებოდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები აპირებენ სამართლებრივ დავას და გეგმავენ მიმართონ სახალხო დამცველს. ამის შესახებ ნათქვამია მათ ერთობლივ წერილში, რომელიც ოპერატორებმა ნეტგაზეთს გამოუგზავნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი