საზოგადოება

“ფორმულამ” ოპერატორები სამსახურიდან გაუშვა, ისინი სამართლებრივ დავას აპირებენ

3 თებერვალი, 2023 • 2657
“ფორმულამ” ოპერატორები სამსახურიდან გაუშვა, ისინი სამართლებრივ დავას აპირებენ

ტელეკომპანია “ფორმულამ” საინფორმაციო გამოშვების ოპერატორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, გაათავისუფლა.

ჯამში, საუბარია 24 ვიდეოოპერატორზე.

როგორც ნეტგაზეთს ტელეკომპანიის იურისტმა განუცხადა, კომპანიამ თანამშრომლებს მისცა არაერთი გაფრთხილება და დრო, რათა ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაბრუნებოდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები აპირებენ სამართლებრივ დავას და გეგმავენ მიმართონ სახალხო დამცველს. ამის შესახებ ნათქვამია მათ ერთობლივ წერილში, რომელიც ოპერატორებმა ნეტგაზეთს გამოუგზავნეს.

“საინფორმაციო სამსახურის ოცდარვა ოპერატორს გვქონდა სურვილი, გაუმჯობესებულიყო ჩვენი შრომითი პირობები – მოგვმატებოდა ხელფასი. ამ თხოვნით მივმართეთ კომპანიის დირექტორს, თუმცა პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მივიღეთ დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, პროტესტის ფორმად აგვერჩია გაფიცვა. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელობა წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში, რადგან არ დაზარალებულიყო ტელეკომპანიის ინტერესები. დღესაც შევთავაზეთ წერილობით კომპრომისული ვარიანტი, თუმცა მათი ინტერესი, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება იყო და არა კონსენსუსის მიღწევა და კრიზისის მოგვარება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენს კომპრომისულ შეთავაზებას საპასუხოდ გათავისიფლების ცნობა მოჰყვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი უფლებებისთვის სამართლებრივ დავას – მივმართავთ სახალხო დამცველს და სასამართლოს”, – ნათქვამია ოპერატორების წერილში.

როგორც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი აცხადებს, ოპერატორებმა ხელფასების მომატების მოთხოვნით 31 იანვარს მიმართეს “ფორმულას” გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბერიძეს, ამის შემდეგ კი საინფორმაციო გამოშვებაზე მომუშავე 28 ოპერატორმა გადაღებებზე წასვლაზე უარი განაცხადა.

როგორც ნანა ინწკირველმა ნეტგაზეთს უთხრა, ანაზღაურების გაზრდის სურვილი რამდენიმე ოპერატორმა პროტესტის დაწყებამდეც მასთან დააფიქსირა, თუმცა ის, რომ ამას პროტესტი მოჰყვებოდა, ამის შესახებ არც ინფორმაცია და არც მოლოდინი ჰქონია.

მისი განცხადებით, პროტესტის მონაწილეების ხელფასები, საშუალოდ, 2 500 ლარს შეადგენს და “არის მეტიც, არის ნაკლებიც”. ინწკირველის თქმით, არ ყოფილა სახელფასო თვე, როდესაც თანამშრომლებს ანაზღაურება სრულად არ ჩარიცხვიათ.

“ნებისმიერ ადამიანს უნდა, გაცილებით მეტი ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე აქვს. ამის სურვილი ყოველთვის იყო, რომ ხელფასები მოგვმატებოდა, მაგრამ ჩვენ ისეთ რეჟიმში ვმუშაობთ, წინ გვაქვს დიდი სასამართლო პროცესი, არ ვიცი, როგორ დამთავრდება ის. ტელევიზია მომგებიანი არ არის ამ ეტაპზე… მე არ ვიცი, ალბათ დირექციამ უფრო კარგად იცის, არის თუ არა მატების საშუალება.

რისი საშუალებაც იყო, მიზერულ ხელფასზე მომუშავე 4 ოპერატორს, რომლებიც სტაჟიორად მუშაობდნენ, მოემატათ ხელფასი 100%-ით. ამ ეტაპზე არ იყო [დანარჩენებისთვის] მატების საშუალება”, – ამბობს ის.

როგორც “ფორმულას” იურისტი, ეთო ქათამაძე აცხადებს, კომპანია მიიჩნევს, რომ ოპერატორების პროტესტი გაფიცვის სამართლებრივ რეგულირებაში არ ჯდება, რადგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება გაფიცვის შესახებ ოფიციალურ მიმართვამდე შეწყვიტეს.

ნანა ინწკირველი აცხადებს, რომ ოპერატორების პროტესტის ფონზე საინფორმაციო სამსახური “დიდი სირთულეების წინაშე” დადგა.

“პირველი დღე ვიდექით იმის საშიშროების წინაშე, რომ შეიძლებოდა საინფორმაციო გამოშვება საერთოდ არ გასულიყო ეთერში. ძირითადად, ზეპირი ინფორმაციების, პრესსამსახურების და ინტერნეტში გავრცელებული მასალების საფუძველზე შევძელით ეთერში გასვლა და ასევე რამდენიმე მეგობარმა ტელეკომპანიამ გაგვიზიარა მასალები. ეს იყო 12-საათიანი გამოშვება, რომელიც იყო კრიტიკული, მაგრამ ჟურნალისტების და მენეჯმენტის საერთო ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ამ დრომდე ვახერხებთ ეთერში გასვლას”, – ამბობს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

ინწკირველის განცხადებით, ტელეკომპანიამ მოახერხა ახლომდებარე რეგიონებში მომუშავე რამდენიმე ოპერატორის ჩამოყვანა, თუმცა ისინი სრულყოფილად მუშაობას ვერ ახერხებენ.

ამასთან, მისი თქმით, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების პროტესტს არ უერთდებიან ჟურნალისტები, სხვა გადაცემებზე და რეგიონებში მომუშავე ოპერატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი