ახალი ამბები

“ფორმულას” საინფორმაციოს ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

3 თებერვალი, 2023 • 2466
“ფორმულას” საინფორმაციოს ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვების ოპერატორებმა რამდენიმე დღის წინ პროტესტი დაიწყეს. როგორც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი აცხადებს, მათი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა, მანამდე კი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებენ. როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, გუშინ, 2 თებერვალს, ოპერატორებმა გაფიცვის შესახებაც მიმართეს ხელმძღვანელობას.

ნანა ინწკირველის თქმით, ოპერატორებმა ხელფასების მომატების მოთხოვნით 31 იანვარს მიმართეს “ფორმულას” გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბერიძეს, ამის შემდეგ კი საინფორმაციო გამოშვებაზე მომუშავე 28 ოპერატორმა გადაღებებზე წასვლაზე უარი განაცხადა ხელფასების მომატებამდე.

როგორც ნანა ინწკირველმა ნეტგაზეთს უთხრა, ანაზღაურების გაზრდის სურვილი რამდენიმე ოპერატორმა პროტესტის დაწყებამდეც მასთან დააფიქსირა, თუმცა ის, რომ ამას პროტესტი მოჰყვებოდა, ამის შესახებ არც ინფორმაცია და არც მოლოდინი ჰქონია.

მისი განცხადებით, პროტესტის მონაწილეების ხელფასები, საშუალოდ, 2 500 ლარს შეადგენს და “არის მეტიც, არის ნაკლებიც”. ინწკირველის თქმით, არ ყოფილა სახელფასო თვე, როდესაც თანამშრომლებს ანაზღაურება სრულად არ ჩარიცხვიათ.

“ნებისმიერ ადამიანს უნდა, გაცილებით მეტი ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე აქვს. ამის სურვილი ყოველთვის იყო, რომ ხელფასები მოგვმატებოდა, მაგრამ ჩვენ ისეთ რეჟიმში ვმუშაობთ, წინ გვაქვს დიდი სასამართლო პროცესი, არ ვიცი, როგორ დამთავრდება ის. ტელევიზია მომგებიანი არ არის ამ ეტაპზე… მე არ ვიცი, ალბათ დირექციამ უფრო კარგად იცის, არის თუ არა მატების საშუალება.

რისი საშუალებაც იყო, მიზერულ ხელფასზე მომუშავე 4 ოპერატორს, რომლებიც სტაჟიორად მუშაობდნენ, მოემატათ ხელფასი 100%-ით. ამ ეტაპზე არ იყო [დანარჩენებისთვის] მატების საშუალება”, – ამბობს ის.

რაც შეეხება არხის ხელმძღვანელობას, ინწკირველის თქმით, ოპერატორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ცდილობენ მათ “სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას”, თუმცა ოპერატორები ამ დრომდე უარს აცხადებენ.

როგორც “ფორმულას” იურისტი, ეთო ქათამაძე აცხადებს, კომპანია მიიჩნევს, რომ ოპერატორების პროტესტი გაფიცვის სამართლებრივ რეგულირებაში არ ჯდება, რადგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება გაფიცვის შესახებ ოფიციალურ მიმართვამდე შეწყვიტეს.

იურისტის განცხადებით, “ფორმულა” ამ ეტაპზე პროტესტის მონაწილე ოპერატორებისთვის ხელფასების მატებას არ განიხილავს:

“მიგვაჩნია, რომ სამართლებრივად ეს არ არის გაფიცვა და, შესაბამისად, ისინი უნდა იმყოფებოდნენ სამსახურში და ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას. ეს უფრო ჰგავს კოლექტიურ დავას, თუმცა დავის დროს აუცილებელია, რომ თანამშრომელმა არ შეაფერხოს პროცესი და გააგრძელოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა.

ამ მომენტისთვის კიდევ გვაქვს მოლაპარაკების მცდელობა. კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, რადგან გაფიცვას შინაარსობრივად არ ვაღიარებთ, შესაბამისად, ალბათ იქნება შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიღებული.”, – აცხადებს იურისტი.

თუმცა ქათამაძე ამ ეტაპზე “ნეტგაზეთთან” არ აკონკრეტებს, რა სამართლებრივ ზომებზეა საუბარი, რადგან მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება და ხელმძღვანელობა “იმედს იტოვებს”, რომ ამ პროცესში “გარკვეულ კონსენსუსამდე” მივლენ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში ოპერატორებთან გაიმართა პირადი შეხვედრები და მათ წერილობით ეცნობათ კომპანიის პოზიცია. ამასთან, ქათამაძის განცხადებით, პროტესტის მონაწილე ოპერატორებმა მიიღეს ოფიციალური გაფრთხილებები და საყვედურები, “რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა”.

“მოვუწოდებთ, რომ სხვა ფორმატში გადავიყვანოთ ეს დიალოგი და პრობლემის განხილვა, რაც ჯერჯერობით არ ხდება”, – ამბობს ქათამაძე.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რას გეგმავს კომპანია იმ შემთხვევაში, თუ პროტესტის ფარგლებში ოპერატორები სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან, იურისტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა შეუძლებელია.

ნანა ინწკირველი კი აცხადებს, რომ ოპერატორების პროტესტის ფონზე საინფორმაციო სამსახური “დიდი სირთულეების წინაშეა”:

“პირველი დღე ვიდექით იმის საშიშროების წინაშე, რომ შეიძლებოდა საინფორმაციო გამოშვება საერთოდ არ გასულიყო ეთერში. ძირითადად, ზეპირი ინფორმაციების, პრესსამსახურების და ინტერნეტში გავრცელებული მასალების საფუძველზე შევძელით ეთერში გასვლა და ასევე რამდენიმე მეგობარმა ტელეკომპანიამ გაგვიზიარა მასალები. ეს იყო 12-საათიანი გამოშვება, რომელიც იყო კრიტიკული, მაგრამ ჟურნალისტების და მენეჯმენტის საერთო ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ამ დრომდე ვახერხებთ ეთერში გასვლას”, – ამბობს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

ინწკირველის განცხადებით, ტელეკომპანიამ მოახერხა ახლომდებარე რეგიონებში მომუშავე რამდენიმე ოპერატორის ჩამოყვანა, თუმცა ისინი სრულყოფილად მუშაობას ვერ ახერხებენ.

ამასთან, მისი თქმით, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების პროტესტს არ უერთდებიან ჟურნალისტები, სხვა გადაცემებზე და რეგიონებში მომუშავე ოპერატორები.

“ნეტგაზეთი” შეეცადა პროტესტის მონაწილე ოპერატორებთან გასაუბრებასაც, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა სუხო ელბაქიძემ მოგვწერა, ამ ეტაპზე საჯაროდ საუბარი არ სურთ.

გარეკანის ფოტო: FB/”ფორმულა”

მასალების გადაბეჭდვის წესი