ახალი ამბები

რუსეთთან ფრენების აღდგენამ შესაძლოა, ავიაკომპანიების სანქცირება გამოიწვიოს — აშშ

3 თებერვალი, 2023 • 1207
რუსეთთან ფრენების აღდგენამ შესაძლოა, ავიაკომპანიების სანქცირება გამოიწვიოს — აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარში დასძენს, რომ „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.


18 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო:

„საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, — განაცხადა ლავროვმა და დაამატა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ იქნებოდა:

ამ განცხადებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური კომენტარი გაავრცელა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღმდეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი