ახალი ამბები

მუქარანარევი მიდგომა გელათის მდგომარეობის გაუმჯობესებას არ წაადგება – ჩუბინაშვილის ცენტრი სამინისტროს

1 თებერვალი, 2023 • 587
მუქარანარევი მიდგომა გელათის მდგომარეობის გაუმჯობესებას არ წაადგება – ჩუბინაშვილის ცენტრი სამინისტროს

„ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს და კულტურის სამინისტროს აკრიტიკებს.

საქმე ეხება გელათის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ცენტრი აცხადებს, რომ გელათის რესტავრაციის შედეგები შემაშფოთებელია. ამის საპასუხოდ თეა წულუკიანის უწყებამ ოფიციალურ განცხადებაში დაწერა, რომ ანგარიში „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მოსაზრებებია.“ სწორედ ამ უკანასკნელს ეხმაურება ცენტრი დღევანდელი წერილით.

ნეტგაზეთი „ჩუბინაშვილის ცენტრის“ საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მოამზადა გელათის მონასტრის მდგომარეობის შეფასების ანგარიში. 27 იანვარს ანგარიში გადაეგზავნა საპატრიარქოს, 30 იანვარს – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. იმავე დღეს ის გამოქვეყნდა ცენტრის ვებგვერდზე. 31 იანვარს გავრცელდა სამინისტროს პასუხი ამ ანგარიშზე.

სამინისტროს წერილის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის პრობლემებისაგან დიდად დაცილებულ თემებს ეხება. რამდენადაც ასეთ საკითხებზე უნაყოფო პოლემიკა ჩვენს მიზანს არ შეადგენს, მხოლოდ რამდენიმე მოკლე კომენტარით შემოვიფარგლებით.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მიუღებელია მცდელობა, უმნიშვნელოვანესი ძეგლის პრობლემებზე საქმიანი კრიტიკული მსჯელობა გადატანილი იქნას სრულიად გაუგებარ ჭრილში. სამწუხაროდ, სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი. გამუდმებით მეორდება ბრალდება, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ავტორები ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მოურიდებლად არის ნახმარი შეურაცხმყოფელი გამოთქმები: პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“(ბრჭყალებში!), პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკოსი და სხვა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ. გელათის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს და არა „პარტიულ ინტერესებს“.

ამ კონტექსტში ეწერება სამინისტროს წერილში გამოთქმული აზრიც, თითქოს „ცენტრისეული რეკომენდაციების საზოგადოებისათვის წარდგენა ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა არა ცენტრის ოფისში ან სამინისტროში, ან კიდევ რომელიმე სამეცნიერო სივრცეში მოისურვეს, არამედ პოლიტიკური პარტიის ოფისში“. როგორც ჩანს, იგულისხმება პარტია „ლელოს“ მიერ 31 იანვარს ორგანიზებული ბრიფინგი, რომელიც გელათის პრობლემებს დაეთმო და რომელზეც ცენტრის ანგარიში არაერთხელ იყო ციტირებული. ცხადია, ამ ბრიფინგთან ჩუბინაშვილის ცენტრს არავითარი კავშირი არა აქვს, ცენტრი არ აწყობს ღონისძიებებს პოლიტიკური პარტიების ოფისებში. ვფიქრობ, ზედმეტია თქმა (ეს ტელესიუჟეტებშიც კარგად ჩანდა), რომ აღნიშნულ ბრიფინგს ცენტრის არცერთი თანამშრომელი არ ესწრებოდა. საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ანგარიშის ციტირების უფლება კი, ბუნებრივია, ყველას აქვს.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტია სამინისტროს წერილში გამოკვეთილი სურვილი, ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიში წარმოჩნდეს მკვლევართა ერთი, „პოლიტიკურად ანგაჟირებული“ ჯგუფის მოსაზრებად, რომელიც თითქოს პროცედურების დარღვევით გაფორმდა ცენტრის დასკვნად. ამ აზრის დამკვიდრებას ემსახურება ყოვლად შეურაცხმყოფელი ფრაზა „ვითომდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებულ დასკვნა“. მეტიც, არის მცდელობა, ეჭვქვეშ დადგეს ლეგიტიმურობა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომისა, რომელმაც დაამტკიცა წარმოდგენილი ანგარიში. სინამდვილეში, საბჭოს სხდომა ჩატარდა პროცედურების სრული დაცვით, მაღალი ქვორუმით (ესწრებოდა 25-დან 17 წევრი). საპატიო მიზეზით სხდომას ვერ დაესწრო საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ესწრებოდა და სხდომას უძღვებოდა მისი მოადგილე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და, ცხადია, დარღვევას არ წარმოადგენს. სხდომას ასევე ესწრებოდა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. როგორც ვკითხულობთ სხდომის ოქმში, „საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დასკვნა დადებითად შეფასდეს და ცენტრის სახელით გაეგზავნოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს, მისი თხოვნის პასუხად“ (ოქმი #2, 27.01.2023).

ამ ფონზე გაუგებარია სამინისტროს წერილში გამოთქმული აზრი, რომ „დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული“. ჩუბინაშვილის ცენტრში არის ღიაობისა და საჯაროობის მტკიცე ტრადიცია, რომელიც სრულიად გამორიცხავს ყოველგვარ „მალულ“ საქმიანობას. მით უმეტეს, ცხადია, რომ ასეთი მასშტაბური საპასუხისმგებლო სამუშაო ცენტრის ხელმძღვანელობისაგან დაფარულად არ და ვერ შესრულდებოდა. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც სრულად იყვნენ კურსში ანგარიშის მომზადების თაობაზე.

აღარ გავაკეთებთ ვრცელ კომენტარს ფრაზაზე „ეს საკითხი (იგულისხმება ანგარიშის დამტკიცება სამეცნიერო საბჭოზე) სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს“. საკითხის სამართლებრივი შესწავლა, რა თქმა უნდა, პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგადად ასეთი მუქარანარევი მიდგომა ხელს არ შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჯანსაღი კრიტიკული აზრის დამკვიდრებას და, ვფიქრობთ, არც გელათის მდგომარეობის გაუმჯობესებას წაადგება.

მძიმეა ამის თქმა, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს წერილის მთელი პათოსი ემსახურება ერთ მიზანს – საქმიანი დისკუსია გელათის მძიმე მდგომარეობის შესახებ მოწყდეს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს და გადავიდეს პოლიტიკურ დისკურსში, რათა საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შეექმნათ მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ერთი მუჭა ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები პოლიტიკური მოტივებით ესხმიან თავს ხელისუფლებას. სინამდვილეში ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიში მთლიანად კონცენტრირებულია კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის, დაცვისა და მართვის მეთოდოლოგიურ საკითხებზე, შეიცავს სრულიად კონკრეტულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ კონიუნქტურას. პერსპექტივაში ჩვენი ძალისხმევა ემსახურება ძეგლთა დაცვის სფეროში ჯანსაღი დისკუსიებისა და ფართო საექსპერტო განხილვების პრაქტიკის დამკვიდრებას, რის გარეშეც ეს სფერო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვერ დადგება.

დასასრულს აღვნიშნავთ რამდენიმე დასანან შეცდომას, რომლებიც გაიპარა სამინისტროს წერილში. მაგალითად, ნათქვამია, რომ „2021 წლის მარტამდე, არავის ახსოვს მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“. ეს სწორი არ არის – უკვე 2020 წლის ზაფხულში ჩუბინაშვილის ცენტრმა ოფიციალურ წერილში გამოთქვა შეშფოთება გელათში შექმნილი ვითარების გამო და კონკრეტული წინადადებებით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შესაძლოა, ეს ფაქტი სამინისტროს ახლანდელ ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, მაგრამ ის აღნიშნულია ცენტრის ანგარიშშიც (გვ. 10) და შეცდომა, წესით, არ უნდა გაპარულიყო. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ სააგენტოს შესაბამის კომისიებში და მკაფიოდ გამოხატავდნენ პოზიციას, რაც გახდა კიდეც გელათის იმხანად ახლად შექმნილ კომისიაში მინისტრის მიერ მათი მოწვევის საფუძველი.

არანაკლებ უხერხულია ფრაზა, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის წინამორბედი ორგანიზაციის – ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სათავეში, „ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან, გიორგი ჩუბინაშვილი, ვახტანგ ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, სიმონ ჯანაშია, შალვა ამირანაშვილი და სხვა დიდი მეცნიერები იდგნენ“. ჩამოთვლილთაგან ბოლო სამი – გიორგი ახვლედიანი, სიმონ ჯანაშია და შალვა ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სათავეში არასოდეს მდგარან, 1940-იან წლებში ისინი ინსტიტუტის (თავიდან სექტორის) სამეცნიერო საბჭოს წევრები იყვნენ. საბჭოს თავმჯდომარე და ინსტიტუტის დირექტორი კი 1941-1973 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილი.

დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამინისტროს მიერ გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის მიმართ უფრო უშუალო გაღიზიანებული ემოციაა, ვიდრე რაციონალური განსჯის შედეგი. გვჯერა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობა ქართველ ექსპერტთა ფართო წრესთან მაინც შედგება და უდავო სარგებელსაც მოუტანს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი ყოველთვის მზად იქნება ასეთი თანამშრომლობისათვის“.


„ჩუბინაშვილის ცენტრმა“ გელათის მოხატულ ტაძრებში კონსერვაციის პრობლემების შესახებ შექმნილი კვლევითი ანგარიში იანვრის მიწურულს გამოაქვეყნა. ცენტრის განცხადებით, ანგარიში შესრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიმართვის პასუხად და საფუძვლად უდევს ცენტრის თანამშრომელთა მრავალწლიანი ექსპერტიზა, გელათის კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებით მოწოდებული დოკუმენტაცია და 2023 წლის 20 იანვარს გელათში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შედეგები.აღნიშნულ ანგარიშის ექსპერტებს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა კულტურის სამინისტრომ. ამის შესახებ განცხადება უწყებამ გუშინ, 21 იანვარს გაავრცელა. სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ კვლევა “სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს”.ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი