ახალი ამბები

სამინისტროს განცხადება ჩუბინაშვილის ცენტრის დისკრედიტაციაა — გელათის დასკვნის ერთ-ერთი ავტორი

1 თებერვალი, 2023 • 978
სამინისტროს განცხადება ჩუბინაშვილის ცენტრის დისკრედიტაციაა — გელათის დასკვნის ერთ-ერთი ავტორი

ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის ექსპერტი და გელათის სამონასტრო კომპლექსზე გაკეთებული დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, ნოდარ არონიშიძე ცენტრის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს კულტურის სამინისტროს განცხადებას. ამის შესახებ ნოდარ არონიშიძემ ნეტგაზეთთან დღეს, 1 თებერვალს ისაუბრა. სამინისტრომ დასკვნის ავტორებს პოლიტიკურად ანგაჟირებულები უწოდა.

საქმე ეხება კულტურის სამინისტროს მიერ გუშინ, 31 იანვარს გაკეთებულ განცხადებას, სადაც უწყება წერდა, რომ “დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია”, ასევე, “ცენტრის ხელმძღვანელისგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული”. ამასთან, სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ანგარიში არა სამინისტროში ან ცენტრში, არამედ პარტიის ოფისში წარადგინეს.

ასევე, სამინისტრო ზედაპირულს უწოდებს დასკვნას, ავტორებს კი არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გელათზე დასკვნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ცენტრმა მოამზადა, სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

ნოდარ არონიშიძე აღნიშნულ ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ “ცალსახა ტყუილია” განცხადების ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ დასკვნა პოლიტიკური პარტიის ოფისში წარადგინეს. მისი თქმით, დასკვნა გამოქვეყნების შემდეგ საჯარო იყო და ნებისმიერ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიასაც შეეძლოთ მისი გამოყენება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დოკუმენტის პრეზენტაცია პარტიის ოფისში გაიმართა და მისი ავტორები “პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან”:

“ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვართ. პოლიტიკური ძალა იქნება, ტელევიზია თუ გამოცემა, ყველას შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება, ეს არის საჯარო. ზუსტად ასე პარტია „ლელომ“ ჩვენი დასკვნა აიღო და გააკეთეს პრესკონფერენცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, ისევე, როგორც არ გვაქვს კავშირი ნებისმიერი ტელევიზიასთან ან გაზეთთან, რომელიც გამოაქვეყნებს ამას.

[პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში] ვერ ვხდები, რა იგულისხმება. დასკვნაში პუნქტობრივად წერია დაზიანებები და პოლიტიკურად ანგაჟირებული რომ არ ვიყო, ვერ დავინახავ ამ დაზიანებებს? ვერ დავინახავ გაფუჭებულ სახურავს, რომელსაც 3 წელია არაფერი ეშველა, ან იმას, რომ სადაც ჩადიოდა ადრე წყალი, ზუსტად იქ ჩადის? აქ ხომ კონკრეტულ ადგილზეა საუბარი და არა რაღაც გამოგონილ თეორიაზე?!”, — აცხადებს ის.

არონიშიძე ასევე სიცრუეს უწოდებს სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ანგარიში “მცირერიცხოვანმა ჯგუფმა” ცენტრის ხელმძღვანელისგან მალულად შეიმუშავა და დაამტკიცა. მისი განმარტებით, დასკვნამ ჩუბინაშვილის ცენტრში გაიარა ყველა საჭირო ეტაპი, მათ შორის, ის შეისწავლა სამეცნიერო საბჭომაც, საბოლოოდ კი ხელი მოაწერა ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ გაჩეჩილაძემაც, რომელიც მაშინაც და ახლაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა და იკავებს.

“ყველა საფეხური აქვს გავლილი ამ დასკვნას, წაკითხულია და ყველანი შევჯერდით ყველა სიტყვასა და პუნქტზე. როდესაც საუბარია, რომ მალულად იქნა შესწავლილი, ასე ვერ იქნებოდა, რადგან დირექტორის ხელმოწერა აქვს დასკვნას. როდესაც საუბარია, რომ ვიღაც არ იყო შეთანხმებული ვიღაცასთან, ეს უბრალოდ გაუგებრობაა”, – აცხადებს არონიშიძე.

არონიშიძის განმარტებით, დასკვნას 10-ზე მეტი ავტორი ჰყავს, რომლებიც გელათის შესასწავლად ადგილზე ჩავიდნენ და დაათვალიერეს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცე: “ვიყავით რამდენიმე საათი, რის საშუალებაც მოგვეცა იქ”, – ამბობს ექსპერტი.

ის აცხადებს, რომ შესწავლის პროცესში ავიდნენ ხარაჩოებზეც და მხატვრობა “ძალიან ახლოდან” ნახეს, სადაც მკაფიოდ ჩანდა დაზიანებები.

“პროფესიონალის თვალიც არ სჭირდება ამას, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მივა და შეხედავს ამ ჩამოცვენილ, გამომარილებულ მხატვრობას, ყველა შეამჩნევს [დაზიანებებს]”, – განმარტავს არონიშიძე.

რაც შეეხება გარე ფასადს, ექსპერტის განცხადებით, ანგარიშის ავტორებმა ნაგებობა დაათვალიერეს ხარაჩოებიდანაც, იმ ადგილებში, სადამდე მისვლაც იყო შესაძლებელი.

არონიშიძის თქმით, გელათში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად მნიშვნელოვანია სწორად გადახურვა:

“დღეს ამას ვეუბნებით, რომ გადახურვაა გასაკეთებელი, დანარჩენზე მერე ვიმსჯელოთ. ორი წელია წერილს წერილზე ვაკეთებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს მოხერხდეს და ამ ყველაფრის მერე სამინისტროს პასუხი არის ორგანიზაციის დისკრედიტაცია”.

რაც შეეხება “სამართლებრივ რეაგირებას”, არონიშიძის განცხადებით, თუ სამინისტრო ფიქრობს, რომ დასკვნა შესასწავლია, ავტორები “ამ საკითხზეც ღია არიან”.

ამავე თემაზე ასევე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი