„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა კობა ნაყოფიამ, დღეს, 30 იანვარს, თქვა, რომ „დიდი ალბათობით“, მარტიდან დატოვებს ამ პარტიულ თანამდებობას და არ იბრძოლებს მის ხელახლა დასაკავებლად.
ნაყოფიამ აღნიშნულის შესახებ „მთავარ არხთან“ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა ხმების 52%-ით. ნიკა მელიამ, რომლის მხარდამჭერიც ნაყოფია იყო, ხმების მხოლოდ 40% მიიღო. ნაყოფიას თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში არ უხელმძღვანელებდა პოლიტსაბჭოს.
რაც შეეხება პარტიაში დარჩენას, მან თქვა:
„როგორც მინიმუმ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საპყრობილეში და სანამ ის არის პუტინის პირადი პატიმარი, მე, რა თქმა უნდა, პარტიაში აუცილებლად დავრჩები“.