ახალი ამბები

„შილაქის“ საშრობმა შეიძლება, დნმ დააზიანოს — კვლევა

25 იანვარი, 2023 • 2397
„შილაქის“ საშრობმა შეიძლება, დნმ დააზიანოს — კვლევა

გელ-ლაქის საშრობის გრძელტალღოვანმა ულტრაიისფერმა სხივმა შეიძლება, დააზიანოს დნმ და გამოიწვიოს მუტაციები უჯრედებში, — Washington Post-ის თანახმად, ამის შესახებ საუბარია სან-დიეგოს და პიტსბურგის უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევაში, რომელიც 17 იანვარს გამოქვეყნდა.

UV-ნათურებიანი საშრობი გამოიყენება გელ-ლაქის მანიკურის გასაშრობად და ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, უფრო დიდხანს ნარჩუნდება. გელ-ლაქი ფრჩხილზე მოთავსების შემდეგ გასაშრობად UV ნათურის ქვეშ თავსდება. გელ-ლაქი, ისევე როგორც შილაქი, გელისა და ლაქის ჰიბრიდია. საქართველოში მათ ხშირად მოიხსენიებენ  ზოგადი ტერმინით, „შილაქით“.

კვლევის ავტორებმა ადამიანისა და თაგვების უჯრედები მოათავსეს მანიკურის საშრობის ულტრაიისფერი შუქის ქვეშ. ერთი 20-წუთიანი ექსპოზიციის შემდეგ, უჯრედების 20-დან 30%-მდე მოკვდა, ხოლო ზედიზედ სამი 20-წუთიანი ექსპოზიციის შემდეგ — უჯრედების 65-დან 70%-მდე.

უფროსი ავტორი, მოლეკულური მედიცინის ასოცირებული პროფესორი ლუდმილ ალექსანდროვი ამბობს, რომ მკვლევრები კვლევის საფუძველზე ვერ დაასკვნიან, მანიკურის საშრობი ზრდის თუ არა კიბოს რისკს და მეცნიერებს დასჭირდებათ ფართომასშტაბიანი რაოდენობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება, რათა გამოავლინონ კიბოს რისკის ცვლილებები ზოგად პოპულაციაში.

”მაგრამ ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ის უარყოფითად მოქმედებს უჯრედებზე და აზიანებს დნმ-ს”, — თქვა მან.

როგორც ცნობილია, ზოგადად, ულტრაიისფერი გამოსხივება ზრდის კანის დაზიანების რისკს, კანის კიბოს განვითარების ალბათობის ჩათვლით.

The Washington Post-მა ჰკითხა დერმატოლოგებს, რას ნიშნავს ახალი კვლევა მათთვის, ვინც ფრჩხილებს იკეთებს, უსაფრთხოა თუ არა UV ფრჩხილის საშრობი და რა სიფრთხილის ზომების მიღება შეუძლიათ ადამიანებს გელის მანიკურისა და პედიკურის გაკეთებისას.

დერმატოლოგებმა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კვლევაში, The Post-ს განუცხადეს, რომ მკვლევრებმა გამოიკვლიეს ადამიანის უჯრედები და არა ადამიანები, რომლებსაც აქვთ კანის მრავალი ფენა, რაც უზრუნველყოფს დამატებით დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა თქვა, რომ შედეგები შემაშფოთებელია, თუმცა გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების მოწყობილობები, როგორიცაა სოლარიუმი, არის კანცეროგენური ადამიანისთვის.

მათი თქმით, ბოლო აღმოჩენები აჩვენებს კანის კიბოს გამომწვევი დნმ-ის დაზიანების პოტენციალს.

დერმატოლოგებმა განაცხადეს, რომ თეორიულად, ფრჩხილის ულტრაიისფერი საშრობი უფრო უსაფრთხო იქნება არამუდმივად, დროდადრო გამოყენებისას, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება — და მასთან დაკავშირებული კიბოს რისკი — კუმულაციურია.

”თუ თქვენ ყოველდღე შეუშვერთ ხელს რომელიმე ამ აპარატს, ეს იქნება პრობლემა”, — თქვა მელისა პილიანგმა, კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგმა UV ნათურებთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრისას.

მისი თქმით, როდესაც ადამიანები მათ იშვიათად იყენებენ — წელიწადში ერთხელ ან ორჯერ — და სიფრთხილეს იჩენენ, როგორიცაა კარგი მზისგან დამცავი, რისკი გაცილებით ნაკლებია. კრემის წასმა იდეალურია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე.

მასალების გადაბეჭდვის წესი