ახალი ამბები

წინასწარ ჩაწერა, თერმოსკრინინგი და დამცავი ბარიერები – როგორ იმუშავებენ სალონები

14 მაისი, 2020 • 1036
წინასწარ ჩაწერა, თერმოსკრინინგი და დამცავი ბარიერები – როგორ იმუშავებენ სალონები

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებს, რომლებიც ფუნქციონირებას 18 მაისიდან გააგრძელებენ, სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი  ბექა ფერაძე აცხადებს, მასობრივი თავშეყრის თავიდან ასაცილებლად მომსახურების მიღების მსურველები დაწესებულებაში წინასწარ უნდა ჩაეწერონ, დიდ სალონებში კი, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 20 ადამიანს აჭარბებს, სალონში შემსვლელებს სიცხე უნდა გაუზომონ.

ფერაძე ასევე აღნიშნავს, რომ იქ, სადაც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება, დროებითი დამცავი ბარიერები უნდა აღიმართოს:

“ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს პროცედურების ჩატარება. შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერი. სადაც არის 20-ზე მეტი დასაქმებული, უნდა განხორციელდეს ტემპერატურის სკრინინგი. უნდა იყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი რეგისტრატურაში, სალაროსთან.  იქ, სადაც ვერ ხორციელდება ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, უნდა აღიმართოს დროებითი დამცავი ბაერიერები, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ვირუსის გავრცელებას” ,- ამბობს ბექა ფერაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი