“ლაგუნა ვერეს” დარაჯის ინფორმაციით, “ტვ პირველისთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზაზა მელაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტს ყოფილი სპორტული კომპლექსის შიდა ტერიტორიას უჩვენებდა და იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა.
“სიუჟეტის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. თანამშრომელმა მითხრა, თავისუფალი ხარო. ხვალ მიწევს მორიგეობა და ვერ გავდივარ.
ძლივს გავათენე წუხელ ღამე, ისეთი გულის შეტევა მაქვს. ახლაც, თქვენ რომ დარეკეთ, წნევას ვიზომავ და 200-ზე მაქვს. წუხელ 220 მქონდა. ძალიან ცუდად ვარ”, — უთხრა დარაჯმა “ტვ პირველს”.
სატელეფონო ინტერვიუში, რომელიც ტელეარხმა 25 იანვარს გაავრცელა, ზაზა მელაძე ამბობს: “მე ამდენი წელი, 40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს”.
“პენსია მქონდა და ეგ [სამსახური], 300 ლარი და ეგ იყო ჩემი შემოსავალი… ახლა უარესს მიზამენ კიდევ ალბათ. ბავშვებს არ დაერიონ, თორემ სხვას არ ვჩივი… თუ არ გავჩერდები, ალბათ უარესს მიზამენ კიდევ”, — აღნიშნავს ის.
სიუჟეტი, სახელწოდებით “ბიძინას “ჟირაფები“ გმირთა მოედანზე”, ეთერში შაბათს, 21 იანვარს გავიდა. ის “ლაგუნა ვერესა” და გმირთა მოედანს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას დაგეგმილ მშენებლობას ეხება.
იქ ფონდი “ქართუ” 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს. მშენებლობის დამკვეთი კომპანიაა “კოსტავას 69”, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი — ფონდი “ქართუ”.
“ტვ პირველის” სიუჟეტის ავტორი, გარდა მშენებლობის გეგმისა, ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებაც აუწყებდა მაყურებელს.
თავად “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიის მფლობელი შპს “ლაგუნა ვერეა”. მისი დირექტორი ასევე კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი – ივანიშვილის ფონდი “ქართუ”. კახა კალაძის ცნობით, “ლაგუნა ვერეს” “ქართუ” მუნიციპალიტეტს გადასცემს.
ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს