ახალი ამბები

„ჯერ ადრეა ლევანისთვის ამხელა ამბიცია“ – ხერხეულიძე ხაბეიშვილის თავმჯდომარეობაზე

24 იანვარი, 2023 • 1039
„ჯერ ადრეა ლევანისთვის ამხელა ამბიცია“ – ხერხეულიძე ხაბეიშვილის თავმჯდომარეობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის ენმ-ის თავმდჯომარეობის ამბიცია ჯერ ადრეა.

ამის შესახებ ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჯერ ადრეა ლევანისთვის ეს ყველაფერი, ჯერ ადრეა ამხელა ამბიცია. იცით, რა მახსენდება? – ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან უშვებდნენ, ასე ამბობდნენ და წარმოედგინათ, – „იცი, რა, მეც მაღალი ვარ, მეც ვიცი ინგლისური და მეტი რა არის მიშა, მოდი, შევცვლი“, – ეს ეგონათ ლიდერის თვისებები და იქ დამარცხდნენ და დაპატარავდნენ ეს ადამიანები. ისეთი დაენარცხნენ, რომ ამ ხალხს რეპუტაცია არ აღუდგენია“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამასთან, როგორც ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მიაჩნია, რომ ამ ბრძოლაში ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სრულიად მართალია.

„როდესაც დღეს არჩევნებს აცხადებ, როდესაც მსჯელობ მიხეილ სააკაშვილის დახსნის გზებზე და თათბირი გაქვს დანიშნული და უცებ მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკიდან გესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იხსნან და ამიტომ ატარებენ არჩევნებს… ეს ჩემთვის არის ბრძოლის ძალიან პროვინციული, მდაბიო გამოხატულება. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ჩემთვის ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უძლურება ძალიან ბევრისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

„ძალიან ბევრი ფიქრობს პოლიტიკურ გადანაწილებას მიხეილ სააკაშვილის უძლურების ვითარებაში. მთელი უბედურება ის არის, დღეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში ყველაზე ცუდი ფორმებით უპირსპირდებიან ერთმანეთს თანამებრძოლები“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი