ახალი ამბები

ჩემი გამარჯვების შემდეგ ენმ-ის გენერალური მდივანი კირთაძე იქნება – მელია

24 იანვარი, 2023 • 901
ჩემი გამარჯვების შემდეგ ენმ-ის გენერალური მდივანი კირთაძე იქნება – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.

ამის შესახებ მელიამ დღეს, 24 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამჟამად ენმ-ის გენერალური მდივნის თანამდებობას პეტრე ცისკარიშვილი იკავებს, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას კონკურენტს, ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

რაც შეეხება გიორგი კირთაძეს, ის ბათუმის ენმ-ის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

„მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ამ პოლიტიკური ტრადიციის ერთგული, რომ ხელი შევუწყო ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების მოსვლას ნაციონალურ მოძრაობაში, რათა ერთად გავაძლიეროთ ენმ, მებრძოლი გუნდი. მიმაჩნია, რომ ტრადიცია და ნოვატორობა; გამოცდილება და ახალი ენერგია არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზის აუცილებელი წინაპირობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთგულებას განვლილი გზის და გამოცდილების მიმართ და ამავე დროს არასოდეს დავუხურავთ გზას ახალ იდეებს და ახალ ადამიანებს.

დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„პოლიტიკოსი, რომელიც ჩემ გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ-ის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე; კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას.

გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერთან ერთად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა; უძლურია ფული და დაშინება…

გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის. გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას მოამზადებს ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი