ახალი ამბები

„საბაჟომ სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაცია გააუქმა“ – მინისტრი

23 იანვარი, 2023 •
„საბაჟომ სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაცია გააუქმა“ – მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საბაჟო ორგანოს მიერ გაუქმდა სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაცია.

ლაშა ხუციშვილის თქმით, საუბარია სხვადასხვა ტიპის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს, როგორც ექსპორტს, ისე რეექსპორტსა და ტრანზიტს:

„ძალიან ფართოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, რადგან ამას სჭირდება ნებართვა და, ბუნებრივია, ამგვარი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც სანქციების სიაშია. ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კონტროლია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რათა წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არა. დაახლოებით 500-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს და განემარტათ, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება. მკაცრი კონტროლი ეხება როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში და ასევე, პირიქით, საუბარია რუსეთიდან წამოსულ საქონელზე, რომელიც რუსეთიდან მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, ტრანზიტის ნაწილში სრულად ხდება ამ პროცესის კონტროლი“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, არის შემთხვევებიც, როდესაც გამომგზავნი არ არის ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ საქონელი არის ევროკავშირის ან აშშ-ის წარმოშობის და მისი გადაადგილება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. მინისტრის განმარტებით, წარმოშობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქონელზეც ხორციელდება ცალკე კონტროლი:

„ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რისკის პროფილია შექმნილი, რომლითაც ხდება ასეთი ტიპის საქონლის კონტროლი. ასევე, ცალკე რისკის პროფილია შემუშავებული უშუალოდ იმ პირებზე, რომლებიც შესულები არიან სანქციების სიაში და მათზე ხორციელდება ცალკე კონტროლი. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც უკვე საფინანსო სექტორში ახორციელებს ზედამხედველობას. შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ხორციელდება, არის მკაცრად კონტროლირებადი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აქტიური კომუნიკაციაა იმ უწყებებთანაც, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი სანქციების აღსრულების ნაწილზე.

„ამ მიმართულებით ევროკავშირში არის ცენტრალიზებული ორგანო და მასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე, აქტიურად ვეთანამშრომლებით აშშ-ში შესაბამის უწყებებს. ბუნებრივია, ამ პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული აშშ-ის საელჩო. იგივე ხდება დიდ ბრიტანეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მონაწილეობს ეკონომიკურ აქტივობებში.

საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში. აშშ-ში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის შემდგომაც პირები აბარებენ შესაბამის გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციებთან მიმართებით. დღეს საქართველოს საბაჟო სამსახურს ჰყავს ორი ასეთი ექსპერტი და მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებით, არის თუ არა სანქცირებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები მიუღებელია.

ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ფონ დერ ლაიენმა CNN-ის ეთერში, ქრისტიან ამანპურის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. წამყვანმა სანქცირებული საქონლის რუსეთში შეღწევის მარშრუტად საქართველო დაასახელა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარყვია და ზოგადი პასუხით შემოიფარგლა.

ქრისტიან ამანპური: სანქციებს სანქციებზე იღებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვისმენთ და, დარწმუნებული ვარ, თქვენც ნანახი გაქვთ ცნობები, რომ მიუხედავად ამისა, ბევრი აკრძალული საქონელი აღწევს რუსეთში. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით… როგორ უნდა იქნას მიღწეული, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთმა ვეღარ მიიღოს ის საქონელი, რომელიც სჭირდება?

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დიახ, ჩვენ სანქციების 9 პაკეტი მივიღეთ და მას მსუსხავი ეფექტი აქვს. სანქციები ანგრევს რუსეთის ეკონომიკას, ახალი ტექნოლოგიების გარეშე ტოვებს მას და ეს მუშაობს. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, არის [სანქციების] გვერდის ავლის მცდელობები. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. უკვე დავაანონსეთ იმ ადამიანების სიის გაკეთება, ვისაც ტექნოლოგიები ან საქონელი გააქვს ევოკავშირიდან რუსეთში. მაგრამ სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების დახურვაზე, [სანქციების] გვერდის ავლის დასრულებაზე და დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათზე, ვინც გვერდს უვლის ევროკავშირის სანქციებს. მე-10 პაკეტი ამაზე იქნება.

CNN-ის ინტერვიუს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“. სტატიაში საუბარია, რომ რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის და ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო  მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა რუსეთსა და გარესამყაროს შორის. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტმა NYT-ის სტატიას სრული სიყალბე უწოდა, ყურადღება გაამახვილა ავტორის რუსულ წარმომავლობაზე, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაზე და თქვა, რომ „არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით რაიმე სანქცირებული ტვირთი მიიღო“.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საქართველოს საშუალებით გვერდის ავლაზე სხვადასხვა ვარაუდი პერიოდულად ვრცელდება.

თავდაპირველად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართულმა მხარემ ამას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ ბრალდება უწოდა და უკრაინისგან მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის საფრთხეზე მიუთითა აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (Financial Crimes Enforcement Network – FinCEN) და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS).

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საინვესტიციო კლიმატის შესახებ კი წერია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუციები აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების გზით“. ანგარიში, რომელშიც საუბარია ფინანსური (და არა ეკონომიკური) სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობაზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა აშშ-ის დასტურად, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი