საზოგადოება

აშშ საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის საფრთხეზე მიუთითებს

11 ივლისი, 2022 • 1097
აშშ საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის საფრთხეზე მიუთითებს

აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (Financial Crimes Enforcement Network – FinCEN) და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოაქვეყნეს გამაფრთხილებელი შეტყობინება რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლის პოტენციალის შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტები აფრთხილებენ ფინანსურ ინსტიტუტებს სასაქონლო სიის, ტრანზაქციებისა და ქცევის შესახებ, რომელიც შეიცავს რუსეთისა და ბელარუსისთვის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის მაღალ რისკს და მოუწოდებენ მათ წინდახედულობისკენ.

„BIS-მა დაადგინა გარკვეული გავრცელებული სატრანზიტო პუნქტები, რომლებშიც ცნობილია, რომ აკრძალული ან კონტროლირებადი ექსპორტი გადის რუსეთსა და ბელარუსში, დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე. ჩამონათვალით არ შემოიფარგლება, თუმცა ამ პუნქტებში შედის სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული სამეფო და უზბეკეთი. ზოგ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი რიგი ნივთები შეიძლება კანონიერად იყოს ექსპორტირებული ამ და სხვა იურისდიქციებში, სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით. თუმცა ამ მზა პროდუქციის და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლოა აკრძალული იყოს. ახლახან რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზე დაწესებული კონტროლი შეიძლება გახდეს ისტორიული სატრანზიტო ტენდენციების ცვლილების გამომწვევი მიზეზი. ბიურო აქტიურად ახორციელებს აქტუალური ინფორმაციის მონიტორინგს ასეთი ცვლილებების გამოსავლენად. შესაბამისად, პოტენციური სატრანზიტო წერტილების სია არასრულია, მაგრამ მას შეუძლია დახმარება გაგვიწიოს ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების შემოწმებაში“, — ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) იდენტიფიცირებული აქვს საქონელი, რომლებიც განსაკუთრებულ შეშფოთების საგანს წარმოადგენს მათი საბოლოო სამხედრო დანიშნულების პოტენციალის გამო. ეს საქონელია:

  • თვითმფრინავის ნაწილები/აღჭურვილობა,
  • ანტენები,
  • სასუნთქი სისტემები,
  • კამერები,
  • GPS სისტემები,
  • ინერციული საზომი ერთეულები,
  • ინტეგრალური სქემები,
  • ნავთობის საბადოს აღჭურვილობა,
  • სონარის სისტემები,
  • სპექტროფოტომეტრები,
  • სატესტო აღჭურვილობა,
  • ძრავები,
  • წყალქვეშა კომუნიკაციები,
  • ვაკუუმური ტუმბოები,
  • ფირფიტების წარმოების აღჭურვილობა და სუბსტრატები.

დოკუმენტი 28 ივნისს არის გამოქვეყნებული. ქართულ საზოგადოებას ის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

„ამერიკის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც, ერთი მხრივ, საუბრობს იმ შავ ხვრელებზე, რომლებიც უკვე არსებობს სანქციების თავიდან არიდების თვალსაზრისით და მეორე მხრივ, მთელ მსოფლიოს აძლევს სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები შეიძლება იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთისთვის და ბელარუსისთვის არის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვის საზღვაო სავაჭრო გზა. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური და საგანგაშო ინფორმაცია — პირველად უმაღლეს ოფიციალურ დონეზე, აშშ უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა გამოიყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით“, — განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, “საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა მოვითხოვოთ ინფორმაცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ვინაიდან შესაძლოა, ოლიგარქის გამო, საქართველოს პორტების დასანქცირდეს და ქვეყანა დაზარალდეს”.

„ამ დოკუმენტში ჩამოთვლილი [განგაშის] 22 პუნქტი და მე-16 პუნქტი საუბრობს, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ გააფორმა კონტრაქტი სანქცირებულ რუს ბიზნესმენ მიხეილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს „ბორჯომს“, — დასძინა ხოშტარიამ და თქვა, რომ 22-ივე პუნქტთან დაკავშირებით განახორციელებს მჭიდრო კონტროლს.

ამ მიზნით მან არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი