ახალი ამბებისაზოგადოება

საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა – კლინიკის დირექტორი

22 იანვარი, 2023 • 1526
საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა – კლინიკის დირექტორი

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს სროლის შედეგად დაჭრილი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორი მათგანის კი დამაკმაყოფილებელი. ამის შესახებ “ჯეო ჰოსპიტალის” საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა “მთავარ არხთან” ისაუბრა.

მისი თქმით, ორი პაციენტი მკურნალობას პალატაში განაგრძობს, ერთი მათგანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.

“დაზიანებებიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა გართულებების გამო რჩება მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში.

პალატაში მყოფი ორი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბატონი გიორგის [რეანიმაციაში მყოფი დაჭრილის] მდგომარეობა მძიმეა და არ შემიძლია პროგნოზების წინასწარ გაკეთება”, – განმარტა ოთიაშვილმა.

20 იანვარს, გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი