ახალი ამბები

გერმანიის თქმით, უკრაინაში “ლეოპარდების” გაგზავნას მოკავშირეთა თანხმობა სჭირდება

20 იანვარი, 2023 • 1239
გერმანიის თქმით, უკრაინაში “ლეოპარდების” გაგზავნას მოკავშირეთა თანხმობა სჭირდება

გერმანიის განცხადებით, იმისათვის, რომ მწვანე შუქი აუნთოს მის მიერ წარმოებული ტანკების უკრაინისათვის მიწოდებას, ჯერ მოკავშირეებს შორის უნდა შედგეს შეთანხმება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters წერს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე ნატოსა და სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის პარალელურად.

შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ ისაა, მისცემს თუ არა უფლებას გერმანია ევროპის სხვა სახელმწიფოებს, გაუგზავნონ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები, რომლებიც სწორედ გერმანიაშია წარმოებული.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, არ შეუძლია თქმა, როდის იქნება ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა გერმანია მზადაა, სწრაფად წავიდეს წინ, თუ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი შედგება.

“ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ძალიან ფრთხილად უნდა აიწონოს”, — თქვა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ეს საკითხი პარასკევს განიხილებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

Reuters-ის მიხედვით, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, მოკავშირეთაგან ვინ არ ეთანხმება უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას ან საერთოდ თუ მოიძებნება მოკავშირე, რომელიც ხსენებულ პოზიციას იკავებს. მას ასევე არ უთქვამს, რა მიაჩნია ტანკების გაგზავნის დადებით და უარყოფით მხარეებად.

რამშტაინის ბაზაზე შეხვედრამდე, აშშ-მა და ფინეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, დიდი პაკეტების შესახებ განაცხადეს.

როგორც სააგენტო წერს, როგორც ჩანს, გერმანიის მთავრობა ერიდება უკრაინაში ტანკების რეექსპორტის ნებართვის გაცემას რუსეთის პროვოცირების შიშით. ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა შესაძლოა მიიტაცოს დასავლური იარაღი და მოიპაროს მისი ტექნოლოგია.

კრემლის განცხადებით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება პროცესს არ დაეხმარება და დასავლეთი ინანებს თავის „მოტყუებას“, რომ კიევს ბრძოლის ველზე გამარჯვება ძალუძს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ბაზაზე შეხვედრის დაწყებისას მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, თუმცა იქვე დასძინა, რომ მეტია საჭირო და უფრო სწრაფად.

“ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. დრო უნდა გახდეს ჩვენი იარაღი. კრემლმა უნდა წააგოს”, – თქვა ზელენსკიმ, რომელმაც მანამდე მიანიშნა, რომ გერმანია სხვა ქვეყნებს აკავებს ტანკების გაგზავნისგან.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მე-11 თვეს, ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებს სჯერათ, რომ მოსკოვი გაზაფხულზე შეტევის განახლებას გეგმავს, სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციით სამხედროების რაოდენობის ზრდის ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი