ახალი ამბები

ახალი რეგულაციები უნდა შემუშავდეს – სარჯველაძე საგარეჯოში მომხდარზე

20 იანვარი, 2023 •
ახალი რეგულაციები უნდა შემუშავდეს – სარჯველაძე საგარეჯოში მომხდარზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საგარეჯოში მომხდარი შემთხვევიდან ახალი დასკვნები უნდა გამოიტანონ და შესაძლოა, ახალი რეგულაციებიც მიიღონ.

სარჯველაძის თქმით, ყველა სახელმწიფო ზრუნავს, თუ რა შეიძლება იყოს საპრევენციო ზომა და ღონისძიება ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად ასაცილებლად.

„ეს ტრაგედია გვაფიქრებინებს, რომ ახალი დასკვნები უნდა გაკეთდეს, ახალი რეგულაციები შემუშავდეს და ახალი აქციები დაიგეგმოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ახლა დაიწყო ამ თემაზე მუშაობა.

რა თქმა უნდა, სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს, როცა სამხედროებზეა საუბარი. ამ მიმართულებით სახელმწიფოს საკმაოდ ფართო და მაღალი დონის სერვისები აქვს შეთავაზებული ყოფილი სამხედროებისთვის, იგივე სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სახელმწიფოს მხრიდან ეს მიმართულება საკმაოდ დაფასებული და ყურადღებამიქცეულია. რა შეიძლება გაუმჯობესდეს და იყოს  შემდგომი დახვეწის ღონისძიებები, ეს მსჯელობის შედეგად, მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დაკვირვება დაგვანახებს“,- განაცხადა სარჯველაძემ.


გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი სავარაუდოდ მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი